19-08-2020
მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6 030.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17.6 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 1 758.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (16.8 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 4 272.1 მლნ. აშშ დოლარს (17.9 პროცენტით ნაკლებია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2020 წლის იანვარივლისში, 2 513.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.7 პროცენტია.
საქსტატის ინფორმაციით, წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.2 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (248.3 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (230.7 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (229.1 მლნ. აშშ დოლარი).
2020 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.5 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (728.6 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (473.0 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (379.3 მლნ. აშშ დოლარი).
ასევე, წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.0 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (843.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (702.1 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (627.6 მლნ. აშშ დოლარი).
საქსტატის ცნობითვე, 2020 წლის იანვარ-ივლისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 391.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 22.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 198.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 11.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 130.1 მლნ. აშშ დოლარით (7.4 პროცენტი).
რაც შეეხება უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფს, ის 2020 წლის იანვარ-ივლისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 383.4 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.0 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 290.8 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.8 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 278.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.5 პროცენტი).