19-08-2020
"ჩვენ არ ვფიქრობთ კოალიციურ მმართველობაზე. კვლევების მიხედვით „ქართული ოცნების" რეიტინგი 2-3-ჯერ აღემატება მეორე-მესამე ადგილზე მყოფი პოლიტიკური ჯგუფების რეიტინგს. ზოგადად, „ქართული ოცნების“ რეიტინგი არის იმაზე მეტი, ვიდრე ყველა ოპოზიციური პარტიის ერთად აღებული. ძალიან კარგად ვიცით როგორია საზოგადოების განწყობები პოლიტიკური ჯგუფების მიმართ და გვერწმუნეთ, ჩვენ ამის საჭიროება არ გვექნება.
ჩვენ აუცილებლად შევქმნით დამოუკიდებლად უმრავლესობას, დავაკომპლექტებთ მთავრობას და ქვეყანას განვავითარებთ ისე, როგორც ეს ჩვენს საარჩევნო პროგრამაში იქნება მოცემული“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა ტვ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებას სხვა პრიორიტეტები აქვს, რომელიც ასახული იქნება საარჩევნო პროგრამაში და რომლითაც მმართველ გუნდი ძალიან მალე წარდგება საზოგადოების წინაშე.
„ჩვენ სხვა პრიორიტეტები გვაქვს, რომელიც არის საარჩევნო პროგრამა, რომლითაც ძალიან მალე წარვდგებით საზოგადოების წინაშე, ის, თუ როგორ გავუმკლავდებით ჩვენ იმ სოციალურ გამოწვევებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე არის, როგორ განვავითარებთ ეკონომიკას და ა.შ. ეს არის ჩვენთვის პრიორიტეტული. ჩვენ ძალიან მყარად ვართ ჩვენს ძალებში დარწმუნებული და საზოგადოების მხრიდან ჩვენს მიმართ მხარდაჭერაში. კოალიციის შექმნა „ქართულ ოცნებას“ არ დასჭირდება. იგი არჩევნების დასრულების შემდეგ უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ის პროგრამა, რომელსაც შევთავაზებთ საზოგადოებას, განვახორციელოთ უახლოესი 4 წლის განმავლობაში“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.