20-08-2020
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის კვალდაკვალ ახალი პროექტების დაფინასებას აგრძელებს. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით და „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით შპს „კაია“-მ ახალი დანადგარები შეიძინა და ახალი საწარმოო ხაზის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.ამით კომპანიამ საკუთარი, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული მძიმე მრეწველობის განვითარებაში. კომპანია 2011 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და აწარმოებს ლითონის სახარჯ მასალებსა და ნაწილებს. მის წარმოებაში არსებული ლითონის მასალები ფართოდ გამოიყენება როგორც სამრეწველო, ისე საყოფაცხოვრებო მიმართულებით. კომპანია მრავალპროფილურია. ის გარდა წარმოებისა ახდენს საინჟინრო და სავენტილაციო გაყვანილობების მონტაჟს. კომპანია გარდა საკუთარი საჭიროებისა, პროდუქციას სარეალიზაციოდ აწარმოებს და ღირსეულ კონკურენციას უწევს იმპორტირებულ ნაწარმს.
„კაია“- ს ბრენდის პროდუქცია სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ბიზნესის განვითარების ეტაპზე, უკვე არსებული დაფინანსების გარდა, კომპანიას გაუჩნდა საჭიროება, საწარმოო ხაზის გაფართოებისთვის ახალი დანადგარები შეეძინა. ბანკმა ამ შემთხვევაშიც გამოიჩინა მზაობა, გვერდში დადგომოდა ბიზნესს. კომპანიამ პანდემიიდან გამოწვეული კრიზისის მიუხედავად გადაწყვიტა ხელი შეეწყო შიდაწარმოების ზრდისთვის, რაც ბანკისა და შპს „კაია“-ს პარტნიორობის შედეგად გახდა შესაძლებელი. საწარმოში ამჟამად ჯამში 60 ადამიანია დასაქმებული. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 1 345 000 ლარია.
„მოხარული ვართ რომ გვაქვს შესაძლებლობა წვლილი შევიტანოთ ეროვნულ საქმეში, რასაც ქართული მძიმე მრეწველობის წახალისება და ხელშეწყობა ჰქვია. სასიამოვნოა, რომ ეს ჩვენი და შპს „კაია“-ს უკვე მეორე წარმატებული ერთობლივი პროექტია. მნიშვნელოვანია, რომ კომპანია მიზნად ისახავს ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას და მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე. მიგვაჩნია, რომ კომპანიები, რომლებიც ორიენტირებულები არიან წინსვლაზე და არ ჩერდებიან, ნადვილად შეძლებენ წარმატების მიღწევას. ბანკში გვჯერა, რომ თუკი ხელს შევუწყობთ ასეთ ბიზნესებს, ჩვენ ერთად შევძლებთ წარმატებეული ეკონომიკის მშენებლობას“,- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.