გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: ბავშვების სოციალური მხარდაჭერის პროგრამა უკვე ამოქმედდა და უკვე დარეგისტრირებულია 600 868 ბავშვი

20-08-2020

„მოგეხსენებათ, უკვე რამდენიმე თვეა ჩვენ გვიწევს ყოველდღიური მუშაობა, იმის გათვალისწინებით, რომ გლობალური პანდემია, ისევე როგორც ღრმა ეკონომიკური კრიზისი ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს შემთხვევაში ჩვენთან პარალელურად მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი, რომელიც ასევე უმაღლესი ხარისხით უნდა ჩავატაროთ და ესეც არის მთავრობის და ხელისუფლების პასუხისმგებლობა, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის, პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ჩვენი მოქალაქეების სოციალური დახმარება, განსაკუთრებით ბავშვების. მოგეხსენებათ, ჩვენს მიერ გამოცხადებული ბავშვების სოციალური მხარდაჭერის პროგრამა უკვე ამოქმედდა და, დღეის მონაცემებით, უკვე დარეგისტრირებულია 600 868 ბავშვი, რომელიც წარმოადგენს ქვეყანაში 366 000 ოჯახს. რა თქმა უნდა, შთამბეჭდავი ციფრებია, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი სოციალური პროგრამა, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ ბოლო წლების განმავლობაში და რომლის მიზანი გახლავთ 17 წლის ჩათვლით ბავშვების და მოზარდების მხარდაჭერა, განსაკუთრებით, ახლა, როდესაც სასწავლო წელი იწყება,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, განცხადებების მიღება გაგრძელდება პირველ დეკემბრამდე, ხოლო შესაბამისი დახმარების გაცემა დაიწყება სექტემბრიდან.

„ამ განცხადებების მიღება გაგრძელდება პირველ დეკემბრამდე, ხოლო შესაბამისი დახმარების გაცემა დაიწყება სექტემბრიდან. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რა თქმა უნდა, ეს დახმარება მივა ყველა იმ ოჯახამდე, ადამიანამდე, რომელიც თვლის, რომ მას ეს დახმარება სჭირდება და შესაბამის განაცხადს გააკეთებს. იმედი მაქვს, რომ მსგავს მორალურ პრობლემებს, როდესაც ბავშვებისთვის განკუთვნილ სარგებელს ვიღაცები ცდილობენ პოლიტიკურ დივიდენდებში დააკონვერტირონ, ჩვენ აღარ შევხვდებით,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ფინანსურ და ზოგ შემთხვევაში პოლიტიკურ სარგებელსაც ცდილობენ მიიღონ იმით, რომ ბავშვებს და მათ მშობლებს დაეხმარონ სახელმწიფოსგან კუთვნილი დახმარების მიღებაში.

„გუშინ მოვისმინე ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება, საიდანაც ნათელი გახდა, რომ ქვეყანაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ფინანსურ და ზოგ შემთხვევაში პოლიტიკურ სარგებელსაც ცდილობენ მიიღონ იმით, რომ ბავშვებს და მათ მშობლებს დაეხმარონ იმ დახმარების მიღებაში, რომელიც მათ სახელმწიფოსგან ეკუთვნით. რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ ჩვენს მოქალაქეებთან არანაირი შუამავლები არ გვჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ პირველ რიგში აქ იკვეთება მორალური პრობლემა, თუმცა შეიძლება სამართლებრივი პრობლემაც იყოს ფიზიკური პირების შემთხვევაში და ამას შესაბამისი უწყებები მიხედავენ, მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ვუთხრა ხაზგასმით, განსაკუთრებით მათ, ვისაც ჯერ კიდევ ენის პრობლემა და ბარიერი აქვთ, რომ ნებისმიერი სახელმწიფო ორგანო, სტრუქტურა, სოციალური მომსახურების სააგენტოები, „ლიბერთი ბანკი“, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ნებისმიერი დაწესებულება ყველანაირი ფინანსური სარგებლის გარეშე მათ მიეხმარება მაქსიმალურად სწრაფად, ეს განაცხადები რომ შეავსონ,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930