20-08-2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მრავალწლიანი კულტურების დაფინანსებისა და მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ფერემებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ განაახლონ თავიანთი ბაღები იმ შემთხვევაში, თუ სტიქიური მოვლენების შედეგად მათი ნარგავები დაზიანდება.
როგორც მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, მათ სახელმწიფო 100%-ით აუნაზღაურებს ახალი ნერგების ღირებულებას.
„როგორც დღეს პრემიერ-მინისტმა აღნიშნა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება „დანერგე მომავალში“, რომელიც არის მრავალწლიანი კულტურების დაფინანსებისა და მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა, ამოქმედდეს ახალი კომპონენტი, რომელიც ითვალისწინებს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ნერგების სრულად დაფინანსებას. როგორც იცით, ჩვენ ბოლო წლებში თანმიმდევრულად ვავითარებთ აგროდაზღვევას, რომელიც სტიქიური მოვლენებისგან ჩვენი ფერმერების დაცვის საშუალებას იძლევა. აგროდაზღვევა არის ის სტაბილური მექანიზმი, რომელიც მოსავლის გადარჩენის საშუალებას მოგცემს და კომპენსირებას გაუკეთებს ზარალს, რომელსაც სტიქიური მოვლენების დროს არის. თუმცა, ჩვენ ვნახეთ, რომ აგროდაზღვევის მხრიდან გარკვეული მიმართულებები არ არის დაფარული და ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც განსაკუთრებით, სტიქიურ მოვლენებთან გვაქვს საქმე, ეს არის სეტყვა, ქარიშხალი, წყალდიდობა და ასე შემდეგ, ფერმერებს მთლიანად უზიანდებათ ბაღები. ეს არ არის მხოლოდ მოსავლის დაკარგვა, არამედ მთლიანად მრავალწლიანი კულტურების დაზიანებაა. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი იყო ბოლო სტიქიური მოვლენების დროს, როდესაც სტიქიური მოვლენები გვქონდა კახეთის რეგიონში, რამდენიმე მუნიციპალიტეტში დაზიანდა ვენახები და ფაქტობრივად, ჩვენს ფერმერებს ახლიდან უწევთ გაშენება, ბაღების აღდგენა. ამიტომ, ჩვენ შემოვიტანეთ კომპონენტი, რომელიც ყველა რეგიონში შემდეგ წლებშიც იმუშავებს და ფერემებს მისცემს საშუალებას, რომ განაახლონ თავიანთი ბაღები იმ შემთხვევაში, თუ სტიქიური მოვლენები მოხდა. ფაქტობრივად, სახელმწიფო 100%-ით აუნაზღაურებს ახალი ნერგების ღირებულებას. ასევე, განსაკუთრებული მოქნილობა ეძლევათ ჩვენს ფერმერებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი გადაწყვეტენ , რომ ესა თუ ის მრავალწლიანი კულტურა სხვა კულტურით ჩაანაცვლონ. მათ საშუალება ეძლევათ, რომ ახალი კულტურის ბაღები გააშენონ. ასევე იმ შემთხვევაში, თუ ისინი თუ იმ კულტურის სხვა ჯიშის გაშენებას გადაწყვეტენ, ამის საშუალებაც ექნებათ ფერმერებს, სრულად დაფარავს სახელმწიფო ნერგის ღირებულებას. ეს ეხება როგორც მრავალწლიანი კულტურების ბაღებს, ასევე ვენახებს“, - განაცხადა დავითაშვილმა.