21-08-2020
ფრენები რუსეთის გადაწყვეტილებით შეწყდა და მათი აღდგენაც ძირითადად მოსკოვზეა დამოკიდებული, ცხადია შესაბამისი ეპიდემიოლოგიური პირობების არსებობის შემთხვევაში, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ინტერვიუს.
ზურაბ აბაშიძის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ინტერვიუში, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოსთან ურთიერთობებზე საუბრობს და ხაზს უსვამს მათი გაუმჯობესების სურვილს.
„საქართველოც მომხრეა, რომ რუსეთთან, ისევე როგორც სხვა მეზობლებთან, ჩამოყალიბდეს მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები, მაგრამ ისინი უნდა ეფუძნებოდეს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას და გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ სხვა ნორმებს. საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციამ განაპირობა დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა და მათი აღდგენაც ამაზევეა დამოკიდებული. „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ერთ-ერთ პრიორიტეტად ნამდვილად გამოაცხადა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაცია, რისთვისაც მთავარი ფორმატის - ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დამატებით, შეიქმნა არაფორმალური კომუნიკაციის არხი - აბაშიძე-კარასინის დიალოგი, რომელმაც შედეგად მოიტანა სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების ნორმალიზაცია, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანი და მისასალმებელია“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის შეფასებით, სამწუხაროდ, აღნიშნულ სფეროებში მნიშვნელოვანი წინსვლა არ აისახა რუსეთის მიდგომებზე აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში, არც პოლიტიკურ და უსაფრთხოების, არც ჰუმანიტარულ განზომილებებში.
„გრძელდება მილიტარიზაციის, ბორდერიზაციის, ხელოვნური გამყოფი ხაზების გავლების პროცესი, ყოველდღიურად ადგილი აქვს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს. თუ რუსეთს ნამდვილად სურს მეგობრული ურთიერთობების და ორმხრივი კავშირების სრულფასოვანი აღდგენა, მან უპირველეს ყოვლისა უნდა დაიწყოს საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის აგვისტოს შეთანხმების შესრულება და რეალური პროგრესი გვიჩვენოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში”, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.