21-08-2020
ეფექტურია დახმარება უმუშევრად დარჩენილი, რეგულარულ ხელფასზე მომუშავე პირებისათვის; მაგალითად, ძლიერი შოკის შემთხვევაში, უმუშევრად დარჩენილი პირებისათვის ფულადი დახმარების შედეგად შესაძლებელია სიღარიბის შემცირება მოსალოდნელი 30.7-დან დან 28.4 პროცენტამდე, - ამის შესახებ ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) კვლევაში საქართველოში სიღარიბეზე კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენის შესახებ, რომლის შედეგების პრეზენტაცია საქართველოს მთავრობისა და UNICEF-ის წარმომადგენლებმა დღეს ერთობლივად გამართეს.
გაეროს ბავშვთა ფონდის შეფასებით, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გამოწვევების გარდა, კორონავირუსის პანდემია მნიშვნელოვან სოციალურ-ეკონომიკურ ზეგავლენას ახდენს შინამეურნეობებზე. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის უახლესი გაანგარიშების თანახმად, პანდემიის შედეგად მოსალოდნელია მსოფლიო მასშტაბით 195 მილიონი სრულგანაკვეთიანი სამუშაო ადგილის დაკარგვა. გაეროს გამოთვლებით, ეკონომიკური აქტივობების შემცირების გამო, შესაძლოა დაახლოებით 42-66 მილიონი ბავშვი აღმოჩნდეს სიღარიბეში.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევძლოთ პანდემიის ნეგატიური ეკონომიკური შედეგების მაქსიმალურად შემსუბუქება იმისთვის, რომ არ მოხდეს ბოლო წლებში სიღარიბის შემცირების ძალიან მნიშვნელოვანი დადებითი დინამიკის გაუარესება მომდევნო წლების განმავლობაში. ჩვენი მთავარი მიზანია, ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე და შევუმსუბუქოთ მათ ეს დროებითი გასაჭირი. ცალსახაა, რომ მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი სოციალური მხარდაჭერის ღონისძიებები არის ყველაზე ეფექტიანი სიღარიბესთან ბრძოლის თვალსაზრისით იმ 24 ღონისძიებას შორის, რომელიც სიმულაციურ მოდელში არის წარმოდგენილი. ამას ადასტურებს თავად მოდელის შედეგებიც“, - აღნიშნა ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ბექა ლილუაშვილმა.