21-08-2020
კომუნიკაციების კომისია კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” წევრი ორგანიზაციების მიერ „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებების შესახებ საჯაროდ წარდგენილ შენიშვნებს არაკეთილსინდისიერს უწოდებს და აღნიშნავს, რომ უსაფუძვლო შენიშვნები, საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებსა და ანგარიშებში ცრუ ინფორმაციის მოხვედრას ემსახურება. აღნიშნული კომუნიკაციების კომისიის გუშინდელმა სხდომამ დაადასტურა, სადაც კოალიციის წარმომადგენელმა საკუთარი შენიშვნები ვერ დაასაბუთა.
კომუნიკაციების კომისიამ ზეპირი მოსმენის სხდომაზე დადგენილებაში ცვლილებების პროექტი წარადგინა, რომელიც საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცედურებისა და ვადების სრული დაცვით, 24 სამუშაო დღის განმავლობაში საჯარო განხილვისთვის გამოქვეყნებული იყო და ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა შენიშვნები და მოსაზრებები კომისიისთვის წარედგინა. აღსანიშნავია, რომ დადგენილების ცვლილებასთან დაკავშირებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება პირველად 2020 წლის მარტში დაიწყო და დოკუმენტი საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო სამი თვის განმავლობაში. თუმცა, კოალიციის მიერ შენიშვნების წარდგენა კომუნიკაციების კომისიის სხდომის წინ, ჯერ საჯარო სივრცეში მოხდა, რის შემდეგაც, კომისიაში ოფიციალური წერილი სხდომის დაწყებამდე მხოლოდ 10 წუთით ადრე შევიდა. ორგანიზაციის მიერ შენიშვნების მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების პერიოდის წინ წარდგენა, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ინტერესებშია საერთაშორისო ორგანიზაციების წინასაარჩევნო პერიოდის ანგარიშებში საქართველოში არსებული მედიაგარემოს შესახებ დამახინჯებული და ცრუ ინფორმაციის გამოქვეყნება.
რაც შეეხება დადგენილებაში ცვლილებებს და კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” შენიშვნებს, კომუნიკაციების კომისია აღნიშნავს, რომ კოალიციის შეფასებები უსაფუძვლოა.
კერძოდ, „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ კომუნიკაციების კომისიის დადგენილებაში ცვლილებები განპირობებულია მხოლოდ „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებებით, რითაც ხდება დადგენილების „საარჩევნო კოდექსთან“ შესამისობაში მოყვანა. დადგენილებიდან ამოღებულია ის დებულებები, რომლებიც იდენტური იყო და ხდებოდა „საარჩევნო კოდექსში“ გაწერილ დებულებებთან დუბლირება.
რაც შეეხება კოალიციის შენიშვნებს მედიის განმარტებასთან დაკავშირებით, კომუნიკაციების კომისიის დებულებიდან მედიის განმარტება ამოღებულია, რაც განპირობებულია იმით, რომ ეს ტერმინი არ არის გამოყენებული რაიმე რეგულაციასთან კავშირში და ყველა რეგულაცია შეეხება მხოლოდ კონკრეტულ სუბიექტებს: მაუწყებლებს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ გაზეთებს. კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილება, რომელსაც ის ახორციელებს საარჩევნო პროცესში, განსაზღვრულია საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონებით და კომისიის უფლებამოსილების გაზრდა ვერ მოხდება კომისიის ნორმატიული აქტით, შესაბამისად, არც წარდგენილი დადგენილების პროექტით არ მომხდარა და ვერც მოხდებოდა კომისიის რეგულირებად სუბიექტთა წრის გაფართოება.
რაც შეეხება ფასიან და უფასო წინასაარჩევნო რეკლამას, აღნიშნულთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიის საჯარო სხდომაზე შენიშვნების ავტორებმა არგუმენტები ვერ წარადგინეს. თუმცა კომუნიკაციების კომისიამ მათ კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ უფასო და ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების ვადები დადგენილებაში განისაზღვრა მხოლოდ „საარჩევნო კოდექსიდან“ გამომდინარე, იმ მიზნით, რომ მაუწყებლებისთვის უფრო ნათელი და განჭვრეტადი იყოს კანონმდებლობით დადგენილი რეგულაცია. კომუნიკაციების კომისიამ მკაფიოდ განმარტა ისიც, რომ დადგენილება ეხება მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდს და ის არ ვრცელდება არაწინასაარჩევნო პერიოდზე.
შესაბამისად, არსებითად არასწორია ინფორმაცია, რომ ზოგადი გახდა საარჩევნო პროცესში მაუწყებლის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და რეკლამის განთავსების მიმართ წაყენებული მოთხოვნები. რეალურად კი ვითარება ასეთია: დადგენილების დღემდე მოქმედი რედაქცია სიტყვა-სიტყვით იმეორებდა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ სხვადასხვა მუხლების დებულებებს და არ ადგენდა რაიმე განსხვავებულ რეგულაციებს, რაც საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით არასწორია და არანაირი სარგებელი და დატვირთვა არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიზანია საკანონმდებლო აქტის შესრულება და კონკრეტიზაცია და არა საკანონმდებლო აქტის დებულებების უცვლელად გადმოტანა. აქედან გამომდინარე, ნაცვლად საკანონმდებლო აქტით დადგენილი დებულებების დუბლირებისა, მოხდა მხოლოდ იმ დებულებების ასახვა, რომელიც შეიცავს საკანონმდებლო აქტის კონკრეტიზაციას, ხოლო ზოგადი ვალდებულებების მიმართ, რომელიც კომისიის რეგულირებად სუბიექტებს აკისრიათ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, მოხდა არა ამ კანონებიდან ნორმების დუბლირება, არამედ მითითება ამ საკანონმდებლო აქტებზე, რაც სწორია და მიზანშეწონილია საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით. დუბლირებული საკანონმდებლო ნორმების კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში ასახვის ნაცვლად, აღნიშნულ საკანონმდებლო აქტებზე მითითება არ შეიძლება ბუნდოვანს ხდიდეს რეგულაციას, ვინაიდან აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას კონკრეტული ნორმა ორჯერ ან მეტჯერ იქნება დუბლირებული სხვადასხვა ნორმატიულ აქტში, თუ მხოლოდ ერთ ნორმატიულ აქტში ეწერება და სხვებში მხოლოდ მითითება გაკეთდება მასზე. პირიქით, პირველი მოცემულობა გაუმართლებელია საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით.
ასევე დაუსაბუთებელი და ზედაპირულია შენიშვნა წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების ვადასთან დაკავშირებით. დადგენილება განსაზღვრავს, რომ კენჭისყრამდე 50-ე დღემდე დაუშვებელია ფასიანი ან უფასო წინასაარჩევნო რეკლამის განთავსება, რომელიც ეფუძნება საკანონმდებლო დანაწესს, კერძოდ:
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მკაფიოდ განსაზღვრავს, რომ მაუწყებლების მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის და კომუნიკაციების კომისიისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამის ტარიფები ძალაში შედის კენჭისყრამდე 50-ე დღიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ 50-ე დღემდე ფასიანი პოლიტიკური რეკლამა ეთერში ვერ განთავსდება, ვინაიდან საფასურის გარეშე შეუძლებელია ფასიანი რეკლამის განთავსება.
რაც შეეხება უფასო პოლიტიკურ რეკლამას, ამასთან დაკავშირებით, „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრულია მაუწყებლების ვალდებულება, რომ კენჭისყრამდე 50-ე დღიდან დაუთმოს განსაზღვრული ოდენობის დრო უფასო პოლიტიკურ რეკლამას. კოდექსი ასევე ადგენს, რომ უფასო რეკლამის განთავსებისთვის კანონით განსაზღვრულზე მეტი დროის დათმობა აკრძალულია. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, თუ მაუწყებელი კენჭისყრამდე 50-ე დღეზე ადრე გამოყოფს დროს უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებისთვის, ეს ნიშნავს, რომ ის კანონით განსაზღვრულზე მეტ დროს გამოყოფს, რაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ აკრძალულია. შესაბამისად, დადგენილებით არ ხდება საარჩევნო რეკლამის განთავსებისათვის კანონში არსებული ვადების გაფართოება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისია მოუწოდებს კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” წევრ ორგანიზაციებს სამუშაო რეჟიმში ითანამშრომლონ კომისიასთან და თავი შეიკავონ საჯაროდ არაარგუმენტირებული და უსაფუძვლო ბრალდებებისგან.