26-08-2020
„ძალა პარტნიორობაშია“ - ამ მთავარი გზავნილით წელს საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2020“ უკვე მეხუთედ უმასპინძლებს. სექტემბერში დაგეგმილი მრავალეროვნული სწავლების შესახებ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა „არმიჰოლში“ საინფორმაციო ბრიფინგი გამართა და დიპლომატიური კორპუსისა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის სწავლების მიზნებისა და ამოცანების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
საინფორმაციო ბრიფინგზე სიტყვით სწავლების ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძეც გამოვიდა და მოწვეულ სტუმრებს „ღირსეული პარტნიორი 2020-ის“ სასწავლო საკითხები და საბოლოო შედეგები, წვრთნების ძალთა სტრუქტურა, მონაწილე ქვეყნების ქვედანაყოფები და ჩართული ტექნიკა გააცნო. ბრიფინგის შემდეგ, სწავლების დეტალებზე მედიის წარმომადგენლებს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე ესაუბრა.
„ღირსეული პარტნიორი 2020“ 7-18 სექტემბრის ჩათვლით ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება. წლევანდელი სწავლების მიზანია საქართველოს, აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნის და თავსებადობის გაუმჯობესება, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა. მრავალეროვნულ წვრთნაში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ჯავშანტექნიკის, საბრძოლო მანქანებისა და საარტილერიო სისტემების გარდა, სწავლებაში ჩართული იქნება ამერიკის შეერთებული შტატების საფრენი საშუალებები და ჯავშანტექნიკა. მრავალეროვნული წვრთნა კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, ასევე სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში.