26-08-2020
საქართველოს რეგიონებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და მოსახლეობის საჭიროებები განიხილეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა სახელმწიფო რწმუნებულებთან მორიგ შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საუბრისას ყურადღება გამახვილდა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების უმოკლეს ვადებში გადაწყვეტასა და იმ საკოორდინაციო ფუნქციის ეფექტიანად აღსრულებაზე, რომელიც რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს ეკისრებათ.
პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობისთვის პრიორიტეტულია, მოქალაქეების წინაშე არსებული ნებისმიერი პრობლემა მოკლე ვადაში და ეფექტურად გადაიჭრას. შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების დროულად გამოვლენას და მათი მოგვარების კუთხით ოპერატიულ მუშაობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
შეხვედრისას საუბარი შეეხო მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს და იმ საჭიროებებს, რომელთა გათვალისწინება მომავალი წლის პრიორიტეტებში იგეგმება. აღინიშნა, რომ ისეთი საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პარალელურად, როგორიცაა გზა, ბუნებრივი აირი და წყალმომარაგება, უნდა გაგრძელდეს უშუალოდ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაც.
მთავრობის მეთაურმა სახელმწიფო რწმუნებულებს დაავალა, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი რეგიონებში არსებული იმ ეკონომიკური პოტენციალის განვითარებას, რომელიც ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრებს რეგულარულად მართავს. იმ რეგიონებიდან, რომელთა გუბერნატორები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად არიან წარდგენილნი, შეხვედრაში სახელმწიფო რწმუნებულების მოვალეობის შემსრულებლები მონაწილეობდნენ.