26-08-2020
„ჩვენი მიზანი არის რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს და რაც შეიძლება მეტმა დამკვირვებელმა შეაფასოს დადებითად ჩვენი არჩევნები და დაინახოს, რომ საქართველო ნამდვილად აძლიერებს თავის დემოკრატიას, ატარებს დემოკრატიულ არჩევნებს არსებითად პროპორციული სისტემით. ჩვენ ვართ დარწმუნებული სრულიად იმაში, რომ ხელისუფლება და საქართველო ჩაატარებს თავისუფალ, დემოკრატიულ არჩევნებს არსებითად პროპორციული სისტემით. ამ არჩევნებს აქვს საეტაპო მნიშვნელობა საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებისკენ. ჩვენ ვაძლიერებთ დემოკრატიას, ჩვენ ჩავატარეთ ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები და რასაკვირველია, ეს ინიციატივაც, ეს ნაბიჯიც არის ზუსტად ამ სულისკვეთების და პოლიტიკური ნების ნაწილი, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება ყველა საჭირო ნაბიჯს დგამს, რომ არჩევნები მაქსიმალურად სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდეს“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ამისათვის ხელისუფლებამ შესაბამისი ნაბიჯები უკვე გადადგა. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, შესაბამისი ცვლილებები შევიდა კანონმდებლობაში და განისაზღვრა უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები, კოვდ-პანდემიის პირობებში. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებითვე, როგორც კი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები და მისიები გააკეთებენ განცხადებას და მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ დამატებითი წარმომადგენლები ჩამოიყვანონ ქვეყანაში, ხელისუფლება ამას მაშინვე უპასუხებს სათანადო ნაბიჯებით.
„ჩვენ ორი თვის წინ შევქმენით სამუშაო ჯგუფი, შევიტანეთ ცვლილებები კანონმდებლობაში, რომლის მიხედვითაც, კოვიდ-პანდემიის პირობებში განვსაზღვრეთ უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები, გადავანაწილეთ პასუხისმგებლობები, შესაბამისად, რა თქმა უნდა, არსებობს სრული მზადყოფნა რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებლის ჩამოსაყვანად ქვეყანაში. ჩვენ ამისთვის უკვე უზრუნველყოფილი გვაქვს უსაფრთხოების სპეციალური პროგრამა და პირობები და ასევე, საკოორდინაციო საბჭო პრემიერ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით. ჩვენ, როგორც ხელისუფლება, მზად ვართ ჩარტერული რეისების დასანიშნადაც კი, რომ ჩამოვიყვანოთ ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. ეს ყველაფერი ჩვენ ორი თვის წინ, სამუშაო პროცესში დავგეგმეთ, მივიღეთ გადაწყვეტილებები და დღეს, მე მინდა ჩვენს საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ ამ კუთხით სრული მზადყოფნა არსებობს. როგორც კი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები და მისიები გააკეთებენ განაცხადებს, მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ დამატებითი წარმომადგენლები ჩამოიყვანონ ქვეყანაში, მაშინვე ხელისუფლება ამას უპასუხებს სათანადო ნაბიჯებით. და როგორც ვთქვი, არსებობს როგორც უსაფრთხოების, ისე საკანონმდებლო მიმართულებით და ასევე საჰაერო ტრანსპორტირების მიმართულებით სრული მზადყოფნა ხელისუფლების მხრიდან“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.