გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჩხენკელმა საფრანგეთის ელჩთან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების შესაძლებლობები განიხილა

22-01-2021

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საფრანგეთის ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს უმასპინძლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა განათლების მიმართულებით თანამშრომლობის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.

მიხეილ ჩხენკელმა ელჩს მადლობა გადაუხადა განათლების სფეროში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი პროექტისთვის. შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს თავიანთი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს Covid-19-ის პანდემიის პირობებში განათლების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფის მიმართულებით. მინისტრმა დიეგო კოლასს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები და სამოქმედო გეგმა გააცნო, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სასწავლო პროცესის ბუნებრივ გარემოში – საკლასო ოთახებში – დაბრუნებას ითვალისწინებს.

შეხვედრაზე მხარეებმა მსოფლიო დონის მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ ისაუბრეს და მისი განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს, მათ შორის, საფრანგეთის წამყვან უნივერსიტეტებთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შესახებ. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორია ბატონი ბიძინა ივანიშვილი. მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური სივრცე, რომელიც ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოში მიიღონ უმაღლესი დონის განათლება. აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უკვე თანამშრომლობს რენის უნივერსიტეტთან და მზად არის სხვა ფრანგულ უნივერსიტეტებთან ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განსახორციელებლად და აკადემიური პროგრამების დასანერგად.

მიხეილ ჩხენკელმა საფრანგეთის ელჩს ადრონული თერაპიის ცენტრის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სამეცნიერო-კვლევით მხარეს. ცენტრში განთავსდება ორი ციკლოტრონი, რომელთაგან ერთი სიმსივნის მკურნალობას მოხმარდება, მეორე კი – სამეცნიერო-კვლევით პროცესს ონკოლოგიაში. ადრონული თერაპიის ცენტრიც მთლიანად ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა.

შეხვედრაზე მხარეებმა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით არსებული პროექტის – ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის გაძლიერების გზებზე იმსჯელეს. მიხეილ ჩხენკელმა ფრანგულ მხარეს უნივერსიტეტის ქოლგის ქვეშ ერთობლივი პროფესიული პროგრამების განხორციელება შესთავაზა.

საფრანგეთის ელჩმა აღნიშნა, რომ ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია აკადემიური მობილობის ხელშემწყობი პროგრამების გაფართოვება.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საელჩოს წარმომადგენლები: პიერ კლუე, ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი და მრჩეველი თანამშრომლობისა და კულტურულ ღონისძიებათა საკითხებში, ბერნარდ მენო, კავკასიის ფრანგული სკოლის დირექტორი, დავიდ ტერტრი, ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის აღმასრულებელი მენეჯერი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930