7-06-2023
ნორვეგიის მარეგულირებელი ორგანოს ორგანიზებით, გაიმართა მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) 57-ე ყოველწლიური შეხვედრა, სადაც ComCom-ის წევრმა, ივანე მახარაძემ, აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა, კონსტანტინე ქორიძემ და მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, მარიამ დახუნდარიძემ მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიებაში EPRA-ს 52 წევრი მარეგულირებლის 170 წარმომადგენელი, მუდმივი დამკვირვებელი, მედია ექსპერტი, მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი, აუდიო-ვიზუალური მედიის ევროპული მარეგულირებლების ჯგუფის (ERGA), ასევე, ევროსაბჭოსა და ევროკომისიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 2023 წლის შეხვედრის მთავარი თემა აუდიო-ვიზუალური მედიის რეგულირების საკითხები, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილება და ამ პროცესში არსებული გამოწვევების გაზიარება იყო.
შეხვედრის პირველი თემატური სესია პოლიტიკაზე კონტენტის მიწოდების გავლენას, რეგულირებასა და მარეგულირებლებს, კონტენტის გავრცელების ახალ ტექნოლოგიებსა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებს მიეძღვნა. ხოლო, მეორე სესია, რომელსაც EPRA-ს თავმჯდომარე უძღვებოდა, თემას - "მედია და ინფორმაცია საზოგადოების სასიკეთოდ" დაეთმო და მოიცავდა დისკუსიას საზოგადოებრივი მაუწყებლების გამოწვევებისა და შესაძლებლობის შესახებ. ამავე თემის სპიკერი, ნორვეგიისა და ჰოლანდიის საზოგადოებრივი მაუწყებლების გენერალურ დირექტორებთან ერთად, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი - თინათინ ბერძენიშვილი იყო. თავის გამოსვლაში, თინათინ ბერძენიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლების მდგრადი განვითარების მნიშვნელობაზე, ციფრული ტრანსფორმაციის გამოწვევებსა და ინტელექტუალური საკუთრების ქონის უპირატესობებთან ერთად, განვითარებისა და მხარდაჭერის კონტექსტში, კომუნიკაციების კომისიის როლზეც გაამახვილა ყურადღება.
გარდა სესიებისა, მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის 57-ე შეხვედრაზე, აღმასრულებელი საბჭოს არჩევნებიც ჩატარდა და EPRA-ს თავმჯდომარე, მარი ველსანდი - ნორვეგიის მედია მარეგულირებლის დირექტორი გახდა.
შეგახსენებთ, რომ EPRA მაუწყებლობის მარეგულირებელი ევროპული ორგანოების დამოუკიდებელი და ნეიტრალური გაერთიანებაა, რომლის მიზანს, მარეგულირებელ ორგანოებს შორის, საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს.
16-11-2024
16-11-2024