3-12-2023
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა უსინათლო სტუდენტს სალომე ქეცბაიას ბრაილის შრიფტით გამოცემული „ვეფხისტყაოსანი“ გადასცა საჩუქრად.
სალომე ქეცბაიას ასევე საზოგადოებრივმა მოძრაობამ "მე დავინახე პროგრესი" გადასცა ხმოვანი ლეპტოპი.
სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, შეზღუდული შესაძლებლობები თანაბარ შესაძლებლობებად აქციოს.
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს შეზღუდული შესაძლებლობები გადავაქციოთ თანაბარ შესაძლებლობად, რომ ყველას ჰქონდეს საშუალება, თავისი ნიჭი და უნარი გამოავლინოს სრულად. მიუხედავად იმისა, რომ დღეს კომპიუტერის ეპოქაა, კომპიუტერი, ტელეფონი ასრულებს ყველაფერს, რაც საჭიროა სასწავლო და სამუშაო პროცესში, სალომეს სიტყვებია, რომ მაინც სხვანაირი ხიბლი აქვს, როდესაც თითებით ეხები და თითებით შეიგრძნობ იმ სიტყვებს. მას ბრაილის შრიფტი ნასწავლი აქვს აქ, თბილისში“ - განაცხადა სუბარმა.
ინფორმაციისთვის, „ვეფხისტყაოსანი“ ცოტა ხნის წინ გამოიცა 1966 წლის გამოცემის მიხედვით, რომლის მხოლოდ ორი ეგზემპლარია შემორჩენილი. წიგნი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრმა გამოსცა. სუბარმა მადლობა გადაუხადა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, რომელმაც გამოუგზავნა სალომეს საჩუქრად „ვეფხისტყაოსანი“.