გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გივი მიქანაძემ სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ჟანა ანდრეასიანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

15-07-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, ჟანა ანდრეასიანს უმასპინძლა.

 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით არსებული თანამშრომლობა და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების საკითხები განიხილეს.

 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა სომეხ კოლეგას განათლების სამივე საფეხურზე მიმდინარე სიახლეები და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.

 

საუბარი შეეხო ერთობლივი ახალგაზრდული ბანაკების განხორციელებას, საქართველოსა და სომხეთის უნივერსიტეტებს შორის კავშირების გამყარებას და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის კუთხით კოლაბორაციის ხელშეწყობას.

 

გივი მიქანაძემ ქვეყნებს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობასა და სომხეთის მხარესთან სამომავლო პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მან აღნიშნა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში სამომავლო პროექტების დაგეგმვის კუთხით საქართველოსა და სომხეთს შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

 

თავის მხრივ, ჟანა ანდრეასიანმა გივი მიქანაძეს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამინისტროსთან ერთობლივი ინიციატივების განხორციელებისა და მეგობრული ურთიერთობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.

 

სომხეთის განათლების მინისტრმა გივი მიქანაძე სომხეთის რესპუბლიკაში უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების რეფორმასთან დაკავშირებით დაგეგმილ „უმაღლესი განათლების ფორუმზე“ მიიწვია, რომელიც 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება.

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ალფრედ ქოჩარიანი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი, აშოტ სმბატიანი და სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი, გიორგი შარვაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031