11-12-2025
გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეშვიდე სესიის (UNEA-7) ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა და კენიის რესპუბლიკის ინვესტიციების, ვაჭრობისა და ინდუსტრიის მინისტრმა ლი კინიანჯუიმ შეხვედრაზე ორი ქვეყნის აგროსავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
დავით სონღულაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე, როგორც ევროპასა და აზიას შორის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სატრანზიტო ჰაბზე და ხაზი გაუსვა ქვეყნის მზარდ მნიშვნელობას რეგიონული სავაჭრო დერეფნის განვითარებაში.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები ხელს უწყობს ბიზნესის კეთების გამარტივებას, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას და საერთაშორისო პარტნიორებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აგრარული მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების პოტენციალზე. როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, ბოლო წლებში საქართველოში აგრარული სექტორის განვითარების მიმართულებით მიღწეული შედეგები, მათ შორის წარმოების და ექსპორტის ზრდა, საექსპორტო ბაზრების გაფართოება და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ახალ შესაძლებლობებს ქმნის საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც.
„კენია მოუთმენლად ელის ქართველი და კენიელი მეწარმეების თანამშრომლობის გაღრმავებას. გვჯერა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაფართოვდება. ველით ერთობლივ მუშაობას ჩვენი ხალხების დაახლოებისთვის, ბიზნესურთიერთობების გაღრმავებისა და კულტურული გაცვლების სტიმულირების მიზნით”, - განაცხადა კენიის რესპუბლიკის ინვესტიციების, ვაჭრობისა და ინდუსტრიის მინისტრმა.
შეხვედრაზე მხარეებმა მზაობა გამოთქვეს, გააღრმაონ თანამშრომლობა, განიხილონ საერთო პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ორმხრივი პარტნიორული ურთიერთობების განმტკიცებას.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეთიოპიაში და აფრიკის კავშირში მუდმივი წარმომადგენელი გია მაჭარაძე ესწრებოდა.