6-10-2026
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელს საქართველოში, რაიმუნდ იელეს, თბილისში მიმდინარე კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) რეგიონული დიალოგის ფარგლებში შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა კლიმატის ცვლილების გავლენის შემცირების, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების, სექტორში ინვესტიციების მოზიდვისა და შესაბამისი ფინანსური რესურსების მობილიზების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
„მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერება და ისეთი ფინანსური რესურსების მობილიზება, რომელიც ქვეყანას კლიმატთან დაკავშირებული პროექტების განხორციელებაში დაეხმარება. ამ მიმართულებით FAO-სთან თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება ჩვენი საერთო მიზნების მიღწევას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მხარეებმა ასევე განიხილეს FAO-ს მხარდაჭერით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, მათ შორის სოფლის მეურნეობის პოლიტიკისა და ექსტენციის სისტემის განვითარების, მიწის კონსოლიდაციის, ქარსაფარი ზოლების აღდგენის, მეთევზეობისა და აკვაკულტურის, სურსათის უვნებლობისა და ცხოველთა იდენტიფიკაციის ეროვნული სისტემის გაძლიერების მიმართულებით.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მხარდაჭერით დაგეგმილ ახალ პროექტზეც, რომლის საერთო ბიუჯეტი დაახლოებით 3 მილიონ ევროს შეადგენს. პროექტი საქართველოში სოფლის მეურნეობის, მეთევზეობისა და აკვაკულტურის მიმართულებების განვითარებას ითვალისწინებს. სოფლის მეურნეობის კომპონენტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფერმერთა საველე სკოლებსა და ექსტენციის მომსახურების გაძლიერებას.
„საქართველოსთან თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას და ფერმერებისთვის საჭირო ცოდნისა და მომსახურებების გაძლიერებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექსტენციის მიმართულებით მუშაობა, რათა ფერმერებს ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და მხარდაჭერა. ასევე, მეთევზეობისა და აკვაკულტურის მიმართულება ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ სფეროში საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს და ვფიქრობ, შესაბამისი გამოცდილებისა და ტექნიკური მხარდაჭერის გაძლიერება სექტორის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს“, - განაცხადა რაიმუნდ იელემ.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და FAO-ს შესაბამისი მიმართულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
13-05-2026