13-10-2026
„სექტემბრის თვეში, სექტემბრის თვის ჭრილში, ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 731 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. უნდა აღინიშნოს, რომ იანვარი-სექტემბრის მაჩვენებლებით ექსპორტი 19%-ზე მეტად არის გაზრდილი და 6,1 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია", - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ საგარეო ვაჭრობის კუთხით არსებულ პოზიტიურ ტენდენციებზე ისაუბრა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ასევე რეკორდულია 2026 წლის იანვარი-სექტემბრის საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი, რომელიც 9%-ზე მეტადაა გაზრდილი და 20 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.
ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, საგარეო ვაჭრობაში დაფიქსირებული ტენდენციები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ადგილობრივი მეწარმეობის წახალისებისა და ზოგადად, ქვეყანაში წარმოების გაფართოებისკენ.
„აღნიშნული ასევე ადასტურებს იმ პოლიტიკის სისწორეს, რომელიც მიმართულია ჩვენი საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისკენ და ზოგადად, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისკენ. ეს გამოიხატება, მათ შორის, იმ შესაძლებლობაში, რასაც საქართველო აძლევს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ინვესტორ კომპანიებს, რათა მოახდინონ მათი პროდუქციის ექსპორტი, როგორც ჩინეთის, ასევე ევროკავშირის უმსხვილეს ბაზარზე და სხვა რეგიონული ქვეყნების ბაზრებზე, ტარიფების გარეშე", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, აღნიშნული უპირატესობა მონაცემებში აისახება და შესაბამისად, საგარეო ვაჭრობის მიმართულებით რეკორდული მაჩვენებლები და მზარდი დინამიკა ფიქსირდება.
13-05-2026