გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სურსათის მსოფლიო ფორუმის ფარგლებში ქართული ხორბლის კულტურისა და გენეტიკური რესურსების შესახებ პრეზენტაციები გაიმართა

14-10-2026

რომში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის სათაო ოფისში, სურსათის მსოფლიო ფორუმის (World Food Forum 2026) ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე „ქართული ხორბალი: ტრადიცია მომავლისთვის“ ქართული ხორბლის კულტურის, ტრადიციებისა და გენეტიკური რესურსების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს.

 

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სტანდარტიზაციის და სერტიფიცირების კვლევის სამსახურის უფროსმა თამარ ჯინჯიხაძემ პრეზენტაცია „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ წარადგინა. მან ქართული ხორბლის ისტორიაზე, ტრადიციულ მიწათმოქმედებაზე, პურის დამზადების წეს-ჩვეულებებსა და ქართულ ყოფაში ხორბლისა და პურის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პრეზენტაციაში ყურადღება ცენტრის საქმიანობაზე ქართული ხორბლის ადგილობრივი ჯიშების შესწავლისა და შენარჩუნების, გენეტიკური რესურსების დაცვისა და გენეტიკური ბანკის მნიშვნელობის შესახებ გამახვილდა.

 

ქართული პურისა და ღვინის კულტურა, ფერმერებთან თანამშრომლობა და ადგილობრივი წარმოების განვითარება, ამ საკითხებს მიეძღვნა ქართული ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის დამფუძნებლის, ასმათ ლალი მესხის პრეზენტაცია „პურისა და ღვინის ქვეყანა“.

ახალგაზრდა მეწარმე ოთარ ლაშხმა პრეზენტაციაში საქართველოს გენეტიკურ რესურსებზე, მცენარეთა სელექციასა და მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

 

საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა დავით ლორთქიფანიძემ წარმოადგინა პრეზენტაცია საქართველოში მიწათმოქმედების წარმოშობის ბიოკულტურული და გარემოსდაცვითი კონტექსტის შესახებ. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტერიტორიაზე მიწათმოქმედების ისტორიულ საწყისებსა და ამ პროცესის მნიშვნელობაზე რეგიონის უძველესი სასოფლო-სამეურნეო კულტურის შესწავლისთვის.

 

ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იყო ქართული ხორბლის სახეობები და ადგილობრივი ჯიშები, მათგან დამზადებული პური, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე დაცული იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინის ნიმუშები და ტრადიციული ქართული პროდუქტები. სტუმრებს ქართული პურისა და ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა ჰქონდათ.

 

ღონისძიება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა გახსნა. სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა, FAO-ს გენერალური დირექტორის მოადგილე მაურიციო მარტინამ, კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და რესტავრაციის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (ICCROM) გენერალურმა დირექტორმა არუნა ფრანჩესკა მარია გუჯრალიმ, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე ნათია შამათავამ, იტალიაში საქართველოს ელჩმა, FAO-სთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა თამუნა ლილუაშვილმა და FAO-ს მცენარეთა წარმოებისა და დაცვის განყოფილების დირექტორმა იურდი იასმმა. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031