გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დღეს მარიამობაა

28-08-2020

მართლმადიდებლური სამყარო დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს აღნიშნავს.

ყოვლადწმინდა ქალწული დაუცადებლად ისწრაფოდა ცისკენ და ლოცულობდა, ზეციურ სავანეში გადასახლებულიყო, რათა დამტკბარიყო თავისი ძისა და ღმერთის სხვიცისკროვნებით. როგორც ქვეყანაზე ქრისტეს სწავლების მთესველი, იგი ხედავდა, რომ ადამიანთა სულების წმინდა სამკალი უკვე დამწიფებული იყო: ეკლესიის დაარსება და მოწყობა აღსრულდა, ქრისტიანობა და მასთან ერთად ღვთისმშობლის დიდება მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ეხლა კიდევ უფრო მხურვალედ ევედრებოდა თავის ძეს, რომ, რაც შეიძლება ჩქარა გადაესახლებინა იგი ზეცაში.

ყოვლადწმინდა მარიამი სიონის მთაზე, იოანე ღვთისმეტყველის სახლში ცხოვრობდა და ხშირად დადიოდა იმ ადგილებში, რომელიც ქვეყნიერების მხსნელის ნატერფალებით იყო საკურთხი. მაგრამ სალოცავად ყველაზე ხშირად ირჩევდა გოლგოთასა და ზეთისხილის მთას, რომლის ძირში გაშენებული ბაღი იოანე ღვთისმეტყველს მამამისის - ზებედესგან მემკვიდრეობით ერგო. ერთხელ ზეთისხილის მთაზე ლოცვისას მას მთავარანგელოსი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისი ზეცაში აღსვლის დრო ახლოვდებოდა და რომ ეს მოვლენა სამი დღის შემდეგ აღსრულდებოდა. ამ ხარების დასამოწმებლად მან სამოთხეში დანერგილი ფინიკის ხის ტოტი გადასცა და უთხრა, რომ ერ რტო, რომლიც ღვთაებრივი მადლით ბრწყინავდა, მის საფლავთან უნდა მიეტანათ. ღვთისმოსაური სიხარულით მიიღო ღვთისმშობელმა სამოთხის რტო. შეუვრდა უფალს, მადლობდა და ევედრებოდა, რომ სხეულიდან განსვლის ჟამს მის თვალებს წყვდიადის მთავარი და ჯოჯოხეთის საშინელებანი არ ეხილა, რომ მისი სული ღვთაებრივი ხელით თვით უფალს მიეღო. ასევე, ითხოვდა, რომ აღსრულებამდე მისცემოდა შესაძლებლობა, ენახა წმინდა მოციქულები, რომლებიც საქადაგებლად ქვეყნიერებაზე იყვნენ განბნეულნი.

როდესაც მოსალოდნელი ნეტარი მიძინების სასიხარულო ამბავი შეიტყო, მისი სახე ისეთი ზეციური სიხარულით ბრწყინავდა, რომ მისმა ღვთაებრივმა დიდებამ ყველა შეაძრწუნა.
ყოვლადწმინდა მარიამი მიძინებისთვის ემზადებოდა და ამის შესახებ უპირველეს ყოვლისა იოანე ღვთისმეტყველს ამცნო. უბრძანა, რომ სამოთხის რტო მის საფლავთან მიეტანათ. ის მშვიდად იძლეოდა განკარგულებებს. ბრძანა, მოემზადებინათ სანთლები, საკმეველი და ყოველივე ის, რაც დაკრძალვისათვის აუცილებელი იყო. იოანემ ყველაფერი დაუყოვნებვლივ აცნობა იაკობ მოციქულს - იოსებ დამწინდველის ძეს, იერუსალიმის პირველ ეპისკოპოსს, რომელმაც ეს ამბავი არა მარტო იერუსალიმში, არამედ მთელ მის შემოგარენში - ოთხივე მხარეს გაავრცელა. ხალხი ყოველი მხრიდან მოდიოდა იოანე ღვთისმეტყველის სახლისკენ. როდესაც თვით ღვთისმშობლისაგან შეიტყობდნენ, რომ იგი ზეცაში უნდა გადასახლებულიყო, მწარედ ტიროდნენ და სახლს ხმამაღალი მოთქმით ავსებდნენ, ევედრებოდნენ ყოველთა ნუგეშინისმცემელს, რომ ობლად და უპატრონოდ არ დაეყარა ისინი. ღვთისმშობელი აიმედებდა და ჰპირდებოდა, რომ არ მიატოვებდა და ვინც მწუხარებისა და უიმედობისას მიმართავდა, ყველასთვის მსწრაფლშემწე და შუამდგომელი იქნებოდა. მის ამ დაპირებაში მთელი კაცობრიობის ნუგეშია დამარხული.

ყველა ღვთისმოსაობით უმზერდა მის სახეს და ისმენდა ის სიტყვებს, ამასთან, ღვთისმშობელს არ დავიწყებია თავისი მწირი ქონების და დაკრძალვის შესახებ ანდერძი დაეტოვებინა. მისი ორი შესამოსელი რჩებოდა ორ ღარიბ ქვრივს, რომლებიც საზრდოს მისგან იღებდნენ და მხურვალე სიყვარულით ემსახურებოდნენ. მას ყველა უყვარდა, განსაკუთებით კი ისინი, ვინც მის დახმარებას საჭიროებდა. თავისი სხეულის დაკრძალვა მან გეთსიმანიის ქვაბულში ისურვა, იოსაფატის ველთან, ზეთისხილის მთასა და იერუსალიმს შორის, სადაც მისი მართალი მშობლები და იოსებ დამწინდველი განისვენებდნენ.

როდესაც იგი თავის სურვილებს იოანესა დ იაკობს გადასცემდა, მოულოდნელად ქარიშხლის მომასწავებელი ძლიერი ხმაური გაისმა და ყველამ სახლზედ შემორტყმული ნათელი ღრუბელი დაინახა. უფალმა ყოვლადწმინდა დედის სურვილი აღასრულა: ღვთიური ძალის მიერ ზეაღტაცებულმა წმინდა მოციქულებმა ქვეყნიერების სხვადსხვა მხარეებიდან ამ ღრუბლების საშუალებით მიაღწიეს სახლთან, სადაც იგი იმყოფებოდა. უფლის მხილველებსა და მოწაფეებს ებოძათ მადლი, რომ ღვთისმშობლის მიძინებასა და დაკრძალვას დასწრებოდნენ. სახლის კართან შეკრებილი მოციქულები ხარობდნენ და ვერაფრით გაეგოთ, რატომ მოხდა ეს სასწაული. იოანე ღვთისმეტყველი მათ მიეგება და აუწყა, რომ დადგა ღვთისმშობლის უფალთან წასვლის დღე.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხილვისას, რომელიც ნათელი მხიარულებით იყო სავსე, მათ ცრემლების დამალვა ვეღარ შესძლეს, საშინელი და საწყენი იყო გამოთხოვება დედასთან, რომელიც განსწავლიდა და ანუგეშებდა, რომელმაც მათი მეუფე და მასწავლებელი შეცვალა. როგორც გაეძლოთ ასეთი მარტოობისა და ობლობისათვის, ამქვეყნად როგორღა დარჩენილიყვნენ დედისა და წინამძღოლის გარეშე?!

მიმადლებულმა მარიამმა სთხოვა, რომ სიხარული ცრემლით არ დაემძიმებინათ, არამედ მასთან ერთად გაეხარათ: „მივდივარ ჩემს ძესთან და უფალთან, ჩემს სხეულს გეთსიმანიაში გადაიტანთ, იქ დაკრძალავთ და თქვენზედ დაკისრებულ ქადაგებას განაგრძობთ, ხოლო, თუკი უფალი ინებებს, მიძინების შემდეგ ისევ მიხილავთ“. ამ დროს აქ იყვნენ პავლე მოციქული და მისი მოწაფეები: დიონისე არეოპაგელი, იეროთეოსი, ტიმოთე და სხვანი - სამოცდაათთაგანი. უფალმა შეკრიბა ისინი და აღირსა ენახათ ღვთისმშობელი, მისგან კურთხევა მიეღოთ და დაკრძალვას დასწრებოდნენ.

ყოვლადწმინდა ქალწული ყველას თავისთან უხმობდა, სახელებს ეძახდა, ყველას ეალერსებოდა რწმენისა და იმ შრომისათვის, ქრისტეს ქადაგებისას რომ გასწიეს. ანუგეშებდა და აიმედებდა, რომ ობლად არ მიატოვებდა ქვეყანას და შეისმენდა ყველას ლოცვას - ვინც კი მას მიმართავდა.

ანგელოსის გამოცხადებიდან მესამე დღე დადგა. ახლოვდებოდა დღის სამი საათი, დრო, როდესაც მიძინება იყო ნაწინასწარმეტყველები. სახლში სანთლები ენთო, ღვთისმშობლის სარეცელს გარშემორტყმული მოციქულები უფალს ადიდებდნენ, იგი მხურვალედ ლოცულობდა. მოულოდნელად სახლის ჭერი განიღო, ღვთაბრივი დიდების ნათელმა იქ მყოფნი განაბწრყინა, ყველა შეძრწუნდა, ზეციური ნათლის სხივებდა ყოველი მიწიერი დააბნელა. ციურ ძალთა დასებით გარშემორტყმული მეუფე დიდებისა - თვით ქრისტე მოევლინა ყოვლადწმინდა დედას. თავისი ძისა და ღმერთის სხივცისკროვნებით გახარებულმა მან წარმოსთქვა სიტყვები ღვთივსულიერი საგალობელისა: „ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღვთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა“. - სარეცელიდან წამოიწია, თაყვანი სცა უფალს და ესმა ღვთაებრივი მოწოდება: „მოვედ, მოკეთეო ჩემო, მოვედ ჩემგან შეყვარებულო და დაიმკვიდრე სავანე მარადიული ცხოვრებისა“. ყოვლადწმინდა ღვთიმშობელმა გაიმეორა თავისი ლოცვა: „მიიღე სული ჩემი მშვიდობით და მივევ მე არესაგან ბნელისა“. უფალმა დაამშვიდა იგი: ბნელი ძალა გველისა დათრგუნულია და თვით მოუწოდებს მას, რათა მიწიერიდან ზეციურ ცხოვრებაში თამამად გადავიდეს. მარადის ქალწულმა სიხარულით შესძახა: „მზა არს გული ჩემი, ღმერთო, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა“. ის კვლავ სარეცელზე მიწვა და სული თვისი ძის ხელს გადასცა. ტკივილების გარეშე შვა იგი და მანაც სხეულიდან მისი სული ყოველგვარი ტკივილის გარეშე განუტევა - წმინდა სხეული განხრწნისაგან დაიცვა. მაშინ გაისმა ანგელოსთა გალობა: „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის!“ და ღვთისმშობლის სული უფლის ხელით, ზეიმითა და ზეციური ძალების თანხლებით ავიდა ცათა სასუფეველში.
მოციქულები, რომლებიც ღირს იქმნენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ზეცად აღსვლა ეხილათ, თრთოლვით იდგნენ და ცას შესცქეროდნენ, როგორც ოდესღაც უმზერდნენ ამაღლებულ უფალს. ყოველივე მიწიერი დავიწყებოდათ - საკუთარი თავიც კი. როდესაც გონს მოეგნენ, შეხედეს ყოვლადწმინდა სხეულს და დაინახეს, რომ მისი სახე ზეციური ნათლით ბრწყინავდა, მისგან საოცარი კეთილსურნელება გამოდიოდა.

მოციქულთა დასმა სიყვარულით უგალობა მას: „ზეციურსა სავანესა შინა ძისა შენისასა შეწყნარებული ყოველ ჟამ ხარ ღვთისმშობელო, შეწევნად ერისა შენისა“.

და ცის სიმაღლიდან მოისმა ღვთისმშობლის ხმა, რომელიც კადნიერად მიმართავდა თავის ძესა და უფალს: „შენნი ჩემდა მოცემულნი საუკუნოდ დაიცევ“.

ყველა იქ მყოფი ძრწოლითა და ღვთისმოშიშებით თაყვანს სცემდა ყოვლადწმინდა სხეულს. მის სარეცელზე შეხებით ყველა ჭირვეული კურნებას იღებდა და მთავარანგელოსის გალობით განადიდებდნენ მას: „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა“. წმინდა მოციქულები მისი დაკრძალვისთვის ემზადებოდნენ, თუმცა ამქვეყნიურ განშორებას გლოვობდნენ, მაგრამ ნუგეშს სცემდათ ის აზრი, რომ ზეცაში ღვთის წინაშე მეოხი და მლოცველი მოიპოვეს. პეტრეს, პავლეს, იაკობსა და სხვა მოციქულებს საკუთარი მხრებით მიჰქონდათ მისი სხეული. იოანე ღვთისმეტყველი სამოთხის სხივმფენი რტოთი - წინ უძღოდა მათ. დანარჩენი მორწმუნენი და ხალხის სიმრავლე მის სარეცელს საცეცხლურებით და ანთებული სანთლებით მიაცილებდნენ - სიონიდან გეთსიმანიამდე გალობით მიდიოდნენ; მსვლელობის პროცესში - თვით დაკრძალვამდე სხივცისკროვანი გვირგვინის მსგავსი ღრუბელი ზემოდან დასცქეროდა ღვთისმშობლის სხეულს და პროცესიის მონაწილეებს. ციდან ანგელოსთა გალობა ისმოდა.
ბევრმა ურწმუნო იუდეველმა მოისმინა არაჩვეულებრივი ხმები, ნახა საზეიმო მსვლელობა და ეს ამბავი მღვდელმთავრებსა და მოხუცებულებს აცნობა. ისინი ბრაზითა და შურით აღივსნენ, როდესაც ნახეს, როგორი პატივით მიაცილებდნენ მათ მიერ ჯვარცმული იესოს დედას. იუდეველთა წინამძღოლებმა ხალხის გასაფანტად მეომართა რაზმი გაგზავნეს. უბრძანეს, მოციქულები დაეხოცათ, ღვთისმშობლის სხეული კი დაეწვათ. მაგრამ ღვთაებრივმა ძალამ არ დაუშვა ეს ბოროტმოქმედება. სხივცისკროვანი ღრუბლის გვირგვინი ძირს დაეშვა და პროცესიას გალავანივით გარს შემოერტყა. მდევარს გალობისა და ნაბიჯის ხმა ესმოდა, მაგრამ სიბრმავით მოცული ვერაფერს ხედავდა. სიმჭიდროვისაგან ბევრმა მათგანმა ქალაქის გალავანთან თავი გაიტეხა, სხვებმა გზა დაკარგეს და გამყოლებს ეძებდნენ. განსაკუთრებული კადნიერებით ერთი იუდეველი მღვდელი, ათონია იქცეოდა. მან საშინელი ღვთისმგმობი სიტყვები იკადრა ღვთისმშობლის სარეცელთან და მისი ძე, უფალი იესო ქრისტე აუგად მოიხსენია. ძველი შურითა და მტრობით გულადუღებული სარეცელს მივარდა, რათა ყოვლადწმინდა ცხედარი ძირს გადმოეგდო, მაგრამ როგორც კი ოდნავ შეეხო, ღვთის რისხვის მახვილით უფლის ანგელოსმა ორივე ხელი წარჰკვეთა. მოკვეთილი ხელები სარეცელზე დაცვივდა, თვითონ კი საშინელი გოდებით ძირს დავარდა. საზარელმა სასჯელმა გონს მოიყვანა იგი. დანაშაული იგრძნო და მოციქულებს მიმართა: „შემიწყალეთ მე, მონანო ქრისტესნო!“ პეტრე მოციქულმა მსვლელობა შეაჩერა და ათონიას უთხრა: „შენი განკურნება ჩვენ არ ძალგვიძს, ყველაფერი მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც თქვენ ჯვარს აცვით: უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მაგრამ არც ის განგკურნავს, სანამ მთელი გულით არ ირწმუნებ და ბაგითაც არ აღიარებ, რომ იესო ჭეშმარიტი მესია და ძე ღვთისაა“. მაშინ ათონიამ ხმამაღლა წამოსთქვა: „მრწამს, რომ ქრისტეა აღთქმული მესია და ქვეყნიერების მხსნელი“. მოციქულები და მორწმუნეები დაღუპული სულის ხსნამ მეტად გაახარა, ხოლო პეტრე მოციქულმა ათონიას უბრძანა, რწმენით მიემართა ღვთისმშობლისათვის და მკლავები სარეცელზე დაყრილი მოჭრილი ხელებისთვის მიედო. ხელები მაშინვე გამთელდა და ათონია გამოჯანსაღდა. იდაყვების გასწვრივ მხოლოდ ძაფივით წვრილი წითელი ზოლები შერჩა. ათონია სარეცელის წინაშე დაემხო და თაყვანი სცა უფალ იესოს და მის ყოვლადწმინდა დედას, აქო და ადიდა იგი და მოციქულებს თან გაჰყვა. ბევრმა იუდეველმა, როდესაც ამ სასწაულის შესახებ შეიტყო, შეინანა და ღვთისმშობლის სარეცელს მიემთხვია, ისინი განიკურნენ და მხედველობაც დაუბრუნდათ. ადამიანთა მოდგმის გულმოწყალე დედამ, როგორც შობით მიანიჭა სიხარული მთელ ქვეყანას, არ ისურვა, რომ თავისი მიძინებით ვინმე დაემწუხრებინა, იგი ყველას შეწყნარებდა და მტერსაც კი სასოებას აძლევდა.

როცა პროცესიამ გეთსიმანიას მიაღწია, ცრემლითა და მოთქმით ყველა უკანასკნელად მიემთხვია ყოვლადწმინდა ცხედარს და მხოლოდ საღამოს შეძლეს წმინდა მოციქულებმა მისი საფლავში დადება. გამოქვაბულის შესასვლელი ქვით დაფარეს. დაკრძალვის შემდეგ ამ ადგილს კარგა ხანს არ განშორებიან. სამი დღის განმავლობაში აქ ლოცვასა და საგალობელს აღუვლენდნენ ღვთისმშობელს. ამ დროს ანგელოსები ზეციური გალობით განადიდებდნენ უფალს და ყოვლადწმინდა ქალწულს.

მოციქულ თომას წილად ხვდა, რომ ღვთისმშობლის აღდგომის გაცხადების მონაწილე ყოფილიყო. ისევე, როგორც ოდესღაც თავისი ეჭვით ქრისტეს აღდგომის ჭეშმარიტება დაამოწმა. ღვთის ნებით, იგი ღვთისმშობლის დაკრძალვიდან მესამე დღეს მოვიდა გეთსიმანიაში. ღრმა მწუხარებით აღვსილი გოდებით მიეახლა აკლდამას და მოთქმით გამოხატა გულისტკივილი, რომ ღირსი არ გახდა, უკანასკნელად ეხილა დედა ღვთისა და მისგან კურთხევა მიეღო. ვერც ის სასწაულები ნახა, მისი მიძინებისა და დაკრძალვის ჟამს რომ აღსრულდა. წმინდა მოციქულებმა, გულწრფელი სიბრალულის გამო, გადაწყვიტეს საფლავის ქვა გადაეგორებინათ და თომასთვის საშუალება მიეცათ, ეხილა ღვთისმშობლის წმინდა გვამი და თაყვანი ეცა მისთვის. მაგრამ ქვის გადაგორებისთანავე ნახეს, რომ აკლდამაში მხოლოდ სუდარები დარჩენილიყო და მათგან გამოუთქმელი სურნელება გამოდიოდა. პატიოსანი გვამი მისი აღარსად იყო. ისინი განცვიფრდნენ და გაოგნდნენ. ღვთისმოსაობით ეამბორებოდნენ საფლავში დარჩენილ მანტიას და ევედრებოდნენ უფალს ამ დიდებული სასწაულის საიდუმლო გამოეცხადებინა მათთვის. იმავე საღამოს თვით ზეციურმა დედოფალმა დაამშვიდა ისინი.

უძველესი გადმოცემის მიხედვით ქრისტეს აღდგომის შემდეგ ქრისტიანთა ტრაპეზზე უპირველესი ადგილი თავისუფალი რჩებოდა, ამ ადგილას ყოველთვის იყო პურის ნაჭერი, როგორც „წილი უფლისა“ - ქრისტეს პატივსაცემად და მოსახსენებლად. ტრაპეზის შემდეგ ყველა სათითაოდ აიღებდა ამ პურს, ყოვლადწმინდა სამების სახელს მოიხმობდა და ლოცვას ამგვარად ამთავრებდა: „უფალო, იესო ქრისტე, შეგვეწიენ ჩვენ“. ამის შემდეგ „ქრისტეს წილს“ დაანაწილებდნენ და იხმევდნენ მას, როგორც უფლისმიერ კურთხევას.

მოციქულები ამ წესს ყოველთვის ასრულებდნენ, მიუხედავად იმისა, მარტო ტრაპეზობდნენ ისინი თუ - სხვებთან ერთად.

ამგვარადვე მოიქცნენ საღამოს ტრაპეზზე - გეთსიმანიიდან დაბრუნების შემდეგ, ისინი სულ ღვთისმშობელზე ფიქრობდნენ და საუბრობდნენ და ვერ გაეგოთ, თუ რა დაემართა მის პატიოსან გვამს. ტრაპეზის ბოლოს, როდესაც „ქრისტეს წილი“ აიღეს და ყოვლადწმინდა სამებას განადიდებდნენ, უცებ ანგელოსთა გალობა გაისმა და ცის სივრცეში ყოვლადწმინდა ქალწული იხილეს, მან ზეციური ძალებით გარშემორტყმულმა და გამოუთქმელი დიდებით გაბრწყინებულმა, მიმართა მოციქულებს: „გიხაროდენ, მე თქუენ თანა ვარ ყოველსა ჟამსა“. გახარებულმა მოციქულებმა და იქ მყოფმა მორწმუნეებმა ერთად შესძახეს: „ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, შეგვეწიენ ჩვენ“. ამგვარად წმინდა მოციქულები დარწმუნდნენ და მთელ ეკლესიას გადასცეს ურყევი რწმენა იმისა, რომ დედა ღვთისა თავისმა ძემ და ღმერთმა მესამე დღეს მკვდრეთით აღადგინა და ხორცით აღამაღლა ზეცაში.

მოციქულებმა მწუხარეთა ნუგეშინისსაცემად და იქ არმყოფთა დასარწმუნებლად საფლავში დარჩენილი მანტია აიღეს, იერუსალიმში დაბრუნდნენ და ძალიან მალე სახარების საქადაგებლად ქვეყნიერების სხვადასხვა მხარეში კვლავ გამოჩნდნენ.

ღვთიმშობლის აღსასრულს ეკლესია მიძინებას უწოდებს, რადგან მას სულ ცოტა ხნით მიიძინა და როგორც ძილისაგან - აღსდგა. ღვთისმშობელმა ბუნების კანონებს სძლია. მიწისაგან შექმნილი სხეულის კვლავ მიწად მიქცევა - ამგვარი სიკვდილი მის გვამს არ შეხებია. შობისას მან ქალწულება დაიმარხა, აღსასრულთან სიცოცხლე შეაერთა; შობის შემდეგ უხრწნელი დარჩა და სიკვდილში სიცოცხლე შინარჩუნა. მან მიიძინა, რათა ნეტარი მარადიული სიცოცხლისათვის გამოეღვიძა. ის წარდგომილია ცხოველმყოფელი წყაროს წინაშე, რათა ჩვენი სულები ლოცვით იხნას მარადიული სიკვდილისაგან. დაუძინებლად მლოცველი ღვთისმშობელი გვშუამდგომლობს და მწუხარებისას რწმენა გვაძლევს ნუგეშად.

ღვთისშმობლის ქვაში გამოკვეთილი საფლავი, ისევე როგორც საფლავი მისი ძისა, ყველა მორწმუნისათვის თაყვანისცემის საგნად დარჩა. უძველესი დროიდან ეკლესიის მიერ ღვთისმშობლის მიძინების მოსახსენებლად 15(28) აგვისტოა დადგენილი. ის ათორმეტ საუფლო დღესასწაულთა შორისაა, რადგან ამ დღეს მაცხოვარი ყოველთა მიეგება დედას თვისას და თავის სავანეში დაასახლა იგი.

ყოველადწმინდა ღვთისმშობელს არც მიძინების შემდეგ მიუტოვებია ქვეყნიერება და დაპირებისამებს მეოხია ყველასი, ვინც მას მიმართავს, ბევრ მწუხარესა და ჭირვეულს მან გულმოწყალების მრავალი სასწაული უჩვენა. რომელი ჩვენგანი, ვინც ცხოვრების აღძრულ ზღვაში ვიტანჯებით, არ ვგრძნობთ, რომ ღვთისმშობელს ესმის ჩვენი გოდება, რა ჩქარა ისმენს იგი ჩვენსას, რა სწრაფად შეგვეწევა და გვანუგეშებს! ღვთიმშობლის შუამდგომელად მოხმობა ქრისტიანული ღვთისმსახურების ნაწილად იქცა. პირველი საუკუნიდანვე ეკლესია შეწევნას სთხოვს და ადიდებს მას, საღამოს მსახურება ყოველდღიურად მისდამი ლოცვის თავდება: „უფროსად დიდებულო კურთხეულო ღვთისმშობელო, მარადის ქალწულო, შესწირე ლოცვაჲ ჩვენი ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა, რათა შენ მიერ შეიწყალნეს სულნი ჩვენნი“. დედა ღვთისა ანუგეშებს ყველას, ვინც მას მიმართავს:

„ჰოი, ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, შეგვეწიე და გვიხსენ ჩვენ - მმოსავნი შენნი; დედოფალო, გვაცხოვნენ ჩვენ“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930