გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: რუსული ოკუპაცია, რომელიც დღეს ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, ყველამ ერთად უნდა დავძლიოთ

4-09-2020

ჩვენი ქვეყნის მომავალი არის შრომა, ძლიერი ეკონომიკა, ევროპული სახელმწიფო და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზაალ დუგლაძის წარდგენაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუსული ოკუპაცია, რომელიც დღეს ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, ქვეყანამ თანმიმდევრულად, მიზანმიმართულად და ქვეყნის შენებით უნდა დაძლიოს.

„აქ, საქართველოს ცენტრში, საქართველოს გულია. ნიჭიერი, კეთილსინდისიერი, შრომისმოყვარე და რაც მთავარია, მებრძოლი ხალხი და ბრძოლა, ამ კუთხისთვის და ამ მიწისთვის უცხო არ არის. ბრძოლა იყო ჩვენი ყოველდღიურობა და სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეშიც მოგვიწია იარაღით ხელში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არის შრომა, ძლიერი ეკონომიკა, ევროპული სახელმწიფო და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. ძლიერ ევროპულ სახელმწიფოში ჩვენი ოსი და აფხაზი ძმებისთვის ვიქნებით იმდენად მიმზიდველები, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ მივაღწევთ, უნდა იყოს მათიც. ეს არის ჩვენი მომავალი და ამას უნდა მივაღწიოთ შრომით. რუსული ოკუპაცია, რომელიც დღეს ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, უნდა დავძლიოთ ყველამ ერთად. რაც არ უნდა მოხდეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება იქნება განპირობებული ამ ოკუპაციით, სანამ ჩვენ ამას არ დავძლევთ და სანამ ბოლო, ერთი ადამიანი დევნილი გვეყოლება. მაგრამ ამას ყველაფერს უნდა მივაღწიოთ თანმიმდევრულად, მიზანმიმართულად და ქვეყნის შენებით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა სახელმწიფოს მხრიდან გლეხის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ხალხს შეუქმნას პირობა, ყოველდღიური შრომით, ღირსეულად არჩინონ თავიანთი ოჯახები.

„აქ, ქარელში, სადაც მადლიანი მიწა გაქვთ და უზომოდ შრომისმოყვარე ხალხი გყავთ, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ამ ხალხს შეუქმნას პირობა, ყოველდღიური შრომით, ღირსეულად არჩინონ თავიანთი ოჯახები. მარტივ ციფრებს გეტყვით - მე არ მოვყვები იმას, რა გაკეთდა. უფრო მეტი უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ და როგორ. ბოლო წლების განმავლობაში ქარელში თანამედროვე ბაღები 420 ჰექტარზე გაშენდა. „დანერგე მომავალის“ საშუალებით. ეს უნდა გავაგრძელოთ და უნდა გავაკეთოთ ისე, რომ აქ მოყვანილი პროდუქტი, ვაშლი იქნება, თუ ბოსტნეული, ყველაფერი უნდა იყოს თბილისში, საერთაშორისო ბაზრებზე და ყველგან. ეს ჩვენი გლეხის სიძლიერეა, გლეხის, რომელიც უნდა გახდეს ფერმერი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, კიდევ ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი.

„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყანას ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა აქვს. სისტემური ინფრასტრუქტურა წესრიგშია მოსაყვანი, ჯერ კიდევ ბევრი გზა დაგვრჩა გასაკეთებელი, სკოლები - გასარემონტებელი. მიუხედავად იმისა, რომ ქარელში 7 საბავშვო ბაღი აშენდა, ეს გასაგრძელებელია, რადგან ჩვენს თითოეულ მოქალაქეს არ უნდა ჰქონდეს სხვაობა, სად იზრდება ბავშვი - ქარელში, თბილისში, ბათუმში, თელავში, ყველას ერთი და იგივე პირობები უნდა ჰქონდეს. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ სამართლიანი ქვეყანა, რომლის ყურადღების ცენტრი ადამიანია, არის ის, როსთვისაც ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ. ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ კიდევ, მარტივი წამოწყებები - ქარის ელექტროსადგურები, გზები, სკოლები, წყალმომარაგება, მაგრამ ყველას ყოველთვის უნდა გვახსოვდეს საოკუპაციო ხაზი და ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ამ ხაზის გასწვრივ ცხოვრობენ. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მათდამი ყურადღება უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური საფიქრალი. ვიცი, რომ ქარელში ბევრი რამ კეთდება, გაზიფიცირებისა და სოფლების წყალმომარაგების ნაწილში, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ეს ხალხი ამით მხოლოდ და მხოლოდ ვანუგეშოთ. მინდა იცოდეთ, რომ ეს არჩევნები იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ყველასთვის, ქვეყნისთვის, რადგან ბევრი მნიშვნელოვანი და ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე ჩვენ ერთად უნდა დავასრულოთ.

დარწმუნებული ვარ, ზაზა დუგლაძე იქნება ქარელის ღირსეული ხმა საქართველოს პარლამენტში და დარწმუნებული ვარ, ყველანი ერთად, რაც მთავარია სამართლიან ბრძოლაში გავიმარჯვებთ. გამარჯვებას გისურვებთ როგორც არჩევნებში, ასევე ყველგან, ყოველდღიურობაში და იმ მთავარ გამარჯვებას გისურვებთ, რომელიც ერთიან ქვეყანაში უნდა ვიზეიმოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930