7-09-2020
ამ გადაწყვეტილებით მოხდა ლუსტრაცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებული ჯგუფების; მათ ჩამოეხსნათ ნიღაბი - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელება.
მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ ამ ჯგუფებს, რომლებიც თავს დებდნენ პროდასავლურობაზე. იმაზე, რომ ადამიანის უფლებების დაცვაზე ზრუნავენ, ჩამოეხსნათ ნიღაბი, ვინაიდან ისინი ემხრობიან დანაშაულებრივ კრიმინალურ გაერთიანებას, მათ ბელადს, რომელიც გასამართლებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ და რომელიც მხილებულია უმძიმეს დანაშაულებში. მაგალითად საქმე ,,ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ", სადაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოხატა შეშფოთება მაშინდელი პრეზიდენტის, მსჯავრდებულ სააკაშვილის მიერ მკვლელების შეწყალების გამო.
„შესაბამისად დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ არის ამ ჯგუფების ლუსტრაცია. მათ აირჩიეს წარსული, აირჩიეს ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა, რადგან მათ არაფერი აქვთ საერთო სამშობლოს სიყვარულთან, ადამიანობასთან, მორალთან და ისეთ ღირებულებებთან, რომელთაც უნდა ეფუძნებოდეს თანამედროვე დემოკრატიული პარტია“.
რაც შეეხება, თუ რა სცენარი შეიძლება წარმოვიდგინოთ სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლის შემთხვევაში, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ „სცენარი იქნება როგორც ყველა კრიმინალური მენტალიტეტის და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესატყვისი რეაგირება. კერძოდ, მსჯავრდებულ სააკაშვილის დაკავება, გადაყვანა სასამართლოში და სასჯელის აღსრულების დაწყება. ეს არის პროცედურა, რაც შესაბამისი სტანდარტების დაცვით აღსრულდება“.