8-09-2020
„ბოლო დღეების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი კლასტერის წარმომადგენლები იმდენად არიან აჭრილები, რომ ჩვენ აღიარებების სერია ვიხილეთ და მოვისმინეთ მათგან. დარწმუნებული ვარ ეს ლუსტრაცია მათი ამ ისტერიული მდგომარეობიდან გამომდინარე, გაგრძელდება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა. მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბოლო პირდაპირ ეთერში, თამარ ჩერგოლეიშვილის აღიარება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აყალბებდა კვლევებს, მალავდა კონკრეტულ მონაცემებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებიც კი არ უჭერდნენ მხარს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი გამხდარიყო პრემიერობის კანდიდატი.
„ჩვენ ამას ვლაპარაკობდით წლების განმავლობაში. ვამბობდით, რომ გაყალბებული კვლევები ქვეყნდება „ნაციონალური მოძრაობასთან“ და მაშინდელ „რუსთავი 2“-თან აფელირებული კონკრეტული ორგანიზაციების მიერ, რომლებიც ატარებენ საველე სამუშაოებს და შემდეგ, სამწუხაროდ, ამას აქვეყნებენ ძალიან ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც როგორც ჩანს შეცდომაში შეჰყავდათ და ისევე ატყუებდნენ, როგორც ქართულ საზოგადოებას. ასევე, ვნახეთ მიხეილ სააკაშვილის აღიარება რამდენიმე კვირის წინ, როდესაც მან აღიარა მძიმე დანაშაულები, უბრალოდ, მან ამ დანაშაულებებს დაარქვა მძიმე შეცდომები და ეს იმისთვის, რომ გაენეიტრალებინა და თან აღიარება გაეკეთებინებინა, არ ვიცი, რას ემსახურებოდა მისთვისაც კი, ყოვლად უსარგებლო ვიდეო რგოლი. ყოველ შემთხვევაში, ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ ძალიან ბევრ აღიარებას. დარწმუნებული ვარ ლუსტრაცია გაგრძელდება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.