8-09-2020
კიდევ ერთხელ მოგმართავთ, და ვიმეორებთ, რომ აუცილებელია ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რაზეც სახელმწიფო, ჯანდაცვის სექტორი საუბრობს. ეს რეკომენდაციები გახლავთ: ყველა დახურულ შენობაში პირბადის ხმარება, ასევე თუ ვიკრიბებით გარკვეული რაოდენობით ადამიანები და დისტანციას ვერ ვიცავთ, გარეთაც პირბადის ხმარება. აუცილებელია დისტანციის დაცვა, ერთი მეტრი, მეტრ ნახევარი და თუ არის საშუალება, კიდევ უკეთესი - ორი მეტრი. აუცილებელია სანიტარული წესრიგის დაცვა და ზოგადად, მონიტორინგის გამკაცრება, - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრემიერ-მინისტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
მისი თქმით, მოქალაქე საეჭვო სიმპტომის გაჩენისთანავე უნდა დაუკავშირდეს 112-ს.
„თვითმონიტორინგის გამკაცრება ნიშნავს იმას, რომ ყველამ ჩვენ-ჩვენი ჯანმრთელობის თვითმონიტორინგი ვაწარმოოთ - გვაქვს თუ არა მცირე ტემპერატურის მომატება, გვეწყება თუ არა ხველა, სუნთქვის უკმარისობა, დავრეკოთ 112-ზე, მივმართოთ ექიმს და ექიმის დანიშნულების მიხედვით ვიმოქმედოთ. თუ რომელიმე ეს სიმპტომი არის, ექიმი თქვენ გეტყვით, რომ უნდა ჩაიტაროთ ტესტირება, კოვიდზე და ეს აუცილებლად ჩასატარებელია და მოგეხსენებათ, ამისთვის ქვეყანაში დაახლოებით 40-50-მდე ადგილი არსებობს ქვეყანაში. მათი სია არის ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებ გვერდებზე და შეგიძლიათ მიმართოთ და ამას ყველაფერს აფინანსებს სახელმწიფო“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
რაც შეეხება ვირუსის ახალ შემთხვევებს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თმით, ცხელ წერტილად რჩება აჭარის რეგიონი და განსაკუთრებით, ბათუმი.
„დღევანდელი 45 შემთხვევიდან სამი გახლავთ ისევ და ისევ დაკავშირებული „დონას“ კლასტერთან და მოგეხსენებათ ამ ეტაპზე ცხელ წერტილად რჩება აჭარის რეგიონი და განსაკუთრებით, ბათუმი დღეს 45 შემთხვევიდან 23 შემთხვევა უკავშირდება აჭარის რეგიონს და კერძოდ, ბათუმს. აქედან კიდევ სამი გახლავთ სწორედ „დონას“ კლასტერი. 19 გახლავთ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი და ისინი ძალიან სწრაფად იყვნენ მოკვლეული. რუსთავის „ავერსის“ პოლიკლინიკის კლასტერს უკავშირდება დამატებით კიდევ 4 შემთხვევა. 4 შემთხვევა გვაქს იმპორტირებული, ერთი გახლავთ სატვირთო ავტომობილის მძღოლი და 12 გახლავთ ადამიანები, ეპიდაფეთქების კერაში მოგზაურობის ისტორიით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი მოუწოდებს მოქალაქეებს, ვინც 20 აგვისტოს შემდეგ იმყოფებოდა საკონდიტრო „დონაში“, ასევე 30-31 აგვისტოს იმყოფებოდა ჩაქვის სასტუმრო „ოაზისში“, მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას და მათ უფასოდ ჩაუტარდებათ PCR ტესტირება.
გთხოვთ, რომ გავითვალისწინოთ - ჩვენ გუშინაც გავაკეთეთ და ყოველ დღე ვაკეთებთ განმარტებას, ვინც 20 აგვისტოს შემდეგ ბათუმში, იყო საკონდიტრო „დონაში“, აუცილებელია მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას და ჩაიტაროთ ტესტირება. ასევე, ვინც 30-31 აგვისტოს ბრძანდებოდით ჩაქვის სასტუმრო „ოაზისში“, ასევე მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას და სახელმწიფოს ხარჯზე ჩაგიტარებენ PCR ტესტირებას. ვინც ზოგადად, აგვისტოში იმყოფებოდით აჭარის რეგიონში, აწარმოოთ 7-დან 14 დღემდე თვენი ჯანმრთელობის მონიტორინგი. დაუკვირდეთ, ხომ არ გაქვთ ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება და თუ ასეთი სიმპტომია, მაშინვე დარეკეთ 112-ზე, მიმართეთ ოჯახის ექიმს და შესაბამისად, ჩაიტარეთ ტესტირება, რათა გამორიცხოთ კოვიდ ინფექცია.