9-09-2020
ძალიან მნიშვნელოვანია და ვაცნობიერებთ იმას, რომ მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია და რა თქმა უნდა, ყველა ის შეზღუდვა, რომელიც ჩამოვთვალე, ვგულისხმობ შეზღუდვებს, რომელიც ეხება კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს, რომელზეც 200 კაციანი შეზღუდვა დავაწესეთ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ ეხება საარჩევნო აგიტაციას, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
ნათია მეზვრიშვილმა საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და სარჩევნო სუბიექტებს მოუწოდა, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად დაიცვან წესები, რაც გულისხმობს, როგორც 2 მეტრიანი დისტანციის დაცვას, ისე პირბადის ტარების ვალდებულება ყველა იმ ადგილას, სადაც მისი ტარება სავალდებულოა და არის მოთხოვნა, მთავრობის დადგენილებით დაწესებული.
„როგორც მოგეხსენებათ, დღეის მდგომარეობითაც, ასევე მოქმედებს რეგულაციები პირბადეების ტარების ნაწილში, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას, მათ შორის დახურულ სივრცეებში, საერთო სარგებლობის ლიფტებში და დახურულ ღონისძიებებზე, აქაც მაქსიმალურად მოხდება აღსრულების კონტროლი და მიდგომა იქნება მაქსიმალურად მკაცრი. ამიტომ, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ წესები მაქსიმალურ იყოს დაცული“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.