10-09-2020
საინვესტიციო ბანკი „გალტ & თაგარტი“, ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით, მათ მეზანინ დაფინანსების მოპოვებაში მხარდაჭერას სთავაზობს.
როგორც „ნიუსპრესს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, მეზანინ დაფინანსება შუალედური პროდუქტია სესხსა და საკუთარ კაპიტალს შორის, ხოლო ინვესტირება შესაძლოა განხორციელდეს როგორც სესხის, ასევე პრივილეგირებული აქციის ფორმით.
დაფინანსების საშუალო ვადა 5-7 წელია, ხოლო მინიმალური მოცულობა 500 000 აშშ დოლარი.
მათივე ინფორმაციით, კომპანიებისათვის მეზანინ დაფინანსების უპირატესობებს შორის აღსანიშნავია, გრძელვადიანი საშეღავათო პერიოდი ძირისა და სარგებელის გადასახდელებზე. პროცენტი კაპიტალიზირდება და მთლიანი თანხის გადახდა ხდება პერიოდის ბოლოს, რაც მათ გამომუშავებული ფულადი ნაკადების ფაქტობრივად სრულად რეინვესტირების შესაძლებლობას აძლევს.
„საქართველოს ბანკის“ ცნობით, მნიშვნელოვანია, რომ მეზანინ დაფინანსება განვითარებაზე ორიენტირებულ ისეთ კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ ფინანსური რესურსი, რომლებიც უკვე ათვისებული სასესხო ლიმიტების ან/და უზრუნველყოფის საგნის არარსებობის გამო მოკლებულნი იყვნენ დამატებითი სესხის აღების შესაძლებლობას.
დაფინანსების შემთხვევაში ასევე მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის მენეჯმენტი დაკომპლექტებული იყოს გამოცდილი და პროფესიონალი კადრებით, რომელიც შეძლებს ინვესტორის ნდობის მოპოვებას.
აღნიშნული დაფინანსებით სარგებლობენ კომპანიები, რომლებსაც აქვთ ბიზნესის განვითარების ან სწრაფი ზრდის სტრატეგია; სურთ გაზარდონ საწარმოო სიმძლავრე, დაიმატონ ახალი პროდუქტი, შემოსავლის ხაზი, გავიდნენ უფრო დიდ ბაზარზე, ან შეიძინონ სხვა კომპანია, რაც მათ პოზიციას კიდევ უფრო გაამყარებს და შემოსავლებსაც მკვეთრად გაზრდის. გალტ & თაგარტის მეზანინ პროსუქტით დაფინანსების შემთხვევაში, გარდა ფინანსური რესურსის მოზიდვისა, კომპანიები დამატებით სარგებლობენ გალტ & თაგარტის გამოცდილი გუნდის კონსულტაციებით, რაც ბიზნესის განვითარებისთვის კიდევ ერთი დამხმარე ფაქტორია.