გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი: ქვეყანას წავიყვანთ წინ, განვითარებისკენ და წარმატებისკენ, თითოეული ოჯახის კეთილდღეობისკენ

10-09-2020

პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო სიის პირველი ოცეულის პრეზენტაციაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"მივესალმები ჩემს ხალხს, კიდევ ერთხელ გულითადი მადლობა ყველას - ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელსაც მუდამ ვგრძობდი და ახლაც ვგრძნობ თქვენგან.

მინდა იცოდეთ, რომ მე და ჩემი გუნდი ამ ნდობას ვაფასებთ და ძალიან ვუფრთხილდებით.

სწორედ ეს ნდობა და ეს მხარდაჭერა გვიმტკიცებს რწმენას, რომ ჩვენ თქვენთან ერთად წავიყვანთ ქვეყანას წინ, განვითარებისკენ და წარმატებისკენ, თითოეული ოჯახის კეთილდღეობისკენ. ქართულ ოცნებას აქვს ამის ნება და რესურსი, ამ პარტიის შექმნის იდეაც სწორედ ეს იყო და არის - საქართველო იყოს ევროპული ქვეყანა, სადაც ადამიანი და მისი ღირსება არის დაცული, ყველას შეუძლია საკუთარი შრომით ოჯახის რჩენა, სადაც მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება გარანტირებულია, სადაც სუსტს ეხმარებიან, ნიჭს ახალისებენ, თავდადებას აფასებენ, ფესვებს უფრთხილდებიან და მომავალზე ზრუნავენ, სადაც თანაბარ პირობებს ქმნიან თითოეულის წარმატებისთვის, სადაც ხელისუფლება ხალხის სამსახურშია და არა პირიქით.

ჩვენი პარტია ამ გზას ადგას და პირობას გაძლევთ, კვლავაც თავდაუზოგავად იმუშავებს იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მიღწეული და ვიზრუნოთ წინსვლაზე, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი, თითოეული თქვენგანი იყოს უკეთ, ვიდრე გუშინ იყო, საქართველო იყოს უფრო უსაფრთხო ქვეყანა, ვიდრე გუშინ იყო, უფრო ახლოს იყოს ქვეყნის გამთლიანებასთან, უფრო ახლოს იყოს ევროპასა და ნატოსთან, დემოკრატიის სტანდარტები იყოს უფრო მაღალი, კიდევ უკეთ იყოს დაცული ადამიანის უფლებები, ეკონომიკური წინსვლა იყოს უფრო თვალსაჩინო და ყველასთვის ხელშესახები, შევძლოთ გაჭირვებაში მყოფი ადამიანების დახმარება, რომ აღარ გვყავდეს სოციალურად დაუცველი არცერთი მოქალაქე.

ჩვენ ამას შევძლებთ და ამის რწმენას მაძლევს მოტივირებულ პროფესიონალთა ის გუნდი, რომელიც დღეს არის აქ წარმოდგენილი. თითოეული მათგანი მზად არის ემსახუროს ხალხს, ემსახუროს ქვეყანას. ამ გუნდში არიან ადამიანები, რომლებმაც უკვე დაამტკიცეს, რომ ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი, შემძლე არიან გაუმკლავდნენ თავიანთ საქმეს, დარჩნენ იდეისა და საქმის ერთგულნი და განსაცდელს აარიდონ ხალხი და ქვეყანა.

ყველამ, ვისაც საქმე უკეთებია იცის შრომის ფასი, იცის რა რთულია შედეგის მიღწევა. მარტივია, როდესაც მარტო შეფასება და კრიტიკაა შენი საქმე, არაფერზე პასუხისმგებლობა არ გაგაჩნია და ხშირად ტყუილსაც კადრულობ იმ იმედით, რომ ამაზე პასუხს არავინ მოგთხოვს. ხელისუფლებას გაცილებით მნიშვნელოვანი საქმეები აქვს საკეთებელი, ვიდრე ცრუ ბრალდებებზე რეაგირებაა. საბედნიეროდ, ხალხი ბრძენია და ყველაფერს კარგად ხვდება და რაც მთავარია, საკუთარი თვალით ხედავს, როგორ მუშაობს ქართული ოცნება.
ჩვენ უკვე გავაკეთეთ ისეთი მასშტაბური პროექტები, რომელთა განხორციელების ბევრს არც კი სჯეროდა, ზოგიერთები კი ეწინააღმდეგებოდნენ მდარე ვიწროპარტიული ინტერესების გამო. მინდა იცოდეთ, ,,ქართული ოცნება” კვლავაც გააგრძელებს გზების, ხიდების, გვირაბების, უნივერსიტეტების, სკოლების და ბაღების მშენებლობას, ქართული სოფლის მხარდაჭერას, ადამიანზე, მის ჯანმრთელობაზე ზრუნვას.

მე არა ერთხელ მითქვამს და დღესაც გავიმეორებ - ჩვენ არ გვჩვევია გაკეთებულით თავმოწონება და ტრაბახი, საქმის კეთება მმართველი გუნდის პირდაპირი ვალდებულებაა და ჩვენ ამას უხმაუროდ ვაკეთებთ. მე მიხარია, რომ ყველა ამ სიკეთით, რომელიც ხალხისთვის კეთდება, სარგებლობენ მათ შორის ჩვენი კრიტიკოსები და სკეპტიკოსებიც კი, მიუხედავად იმისა, რომ ამ სიკეთეების აღიარების უნარი არა გააჩნიათ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ისევე წარმატებით მოვიგებთ ბრძოლას სიცრუესთან და ხალხში ნეგატივის, უიმედობის დათესვის მცდელობასთან, როგორც ვაჯობეთ ზოგადსაკაცობრიო გამოწვევას კრიზისის ყველაზე რთულ ეტაპზე.

ჩვენი ხალხი კარგად ხედავს, რომ ,,ქართულმა ოცნებამ” პრაქტიკულად ყველა მიმართულებით შეძლო ქვეყნის შეუქცევადი განვითარება, ჩვენი ხალხის უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის მტკიცე გარანტიების შექმნა.

ადამიანებზე ზრუნვა და ამ ურთულეს კრიზისში მათი სოციალური მხარდაჭერა, ქართული ოცნების ხელწერად იქცა. თამამად ვიტყვი, ჩვენ პირნათელი ვართ ხალხის წინაშე, ვაკეთებთ შესაძლებლობების მაქსიმუმს, რის საშუალებსაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა იძლევა. თუმცა, ისიც კარგად ვიცით, რომ ჯერ კიდევ შორს ვართ სასურველი შედეგისგან, მაგრამ ვადგავართ იმ გზას, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ, აუცილებლად მიგვიყვანს მიზნამდე. ჩვენს სწორ და თანამიმდევრულ მიდგომებს, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტრატეგიას იწონებენ და მხარში გვიდგანან ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნები, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ამას აღიარებს ჩვენი ხალხი და ამიტომაც, დარწმუნებული ვართ, კვლავ უპირობოდ გამარჯვებული გამოვალთ იმ პოლიტიკურ კონკურენციაში, რომელმაც სულ რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად აიღო სტარტი.

,,ქართული ოცნების” გამარჯვება თითოეული მოქალაქისთვის სიმშვიდის და უკეთესი ცხოვრების მომტანია, ,,ქართული ოცნების“ გამარჯვება საქართველოში მშვიდობის შენარჩუნების, ქვეყნის დემოკრატიული და სტაბილური განვითარების გარანტიაა.


,,ქართული ოცნების“ გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა.


და ბოლოს, მთელი გულით ვუერთდები იმ სასიხარულო ამბავს, რომელიც დღეს შევიტყეთ და რასაც დიდი ხანია ველოდით ყველა - საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები ,,8 ერის’’ მონაწილე გახდა. ვულოცავ, ყველაზე მეტად რაგბი გაგვიხარდა პოლტიკოსებს. ვულოცავ ჩვენს მორაგბეებს და მთელ საქართველოს ამ წარმატებას. ასეთი შედეგის დასადებად ჩვენმა ბიჭებმა მთელი გული ჩადეს და დამსახურებულად დაიკავეს საპატიო ადგილი რჩეულთა შორის. ვუერთდები ამ საერთო სიხარულს, ვუსურვებ მათ კიდევ ბევრ წარმატებას.
კვლავაც ერთად საქართველოს წარმატებისთვის"-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930