10-09-2020
პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მინდა მადლობა გადავუხადო გუნდს, მადლობა ბიძინა ივანიშვილს ამ დიდი ნდობისთვის, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, რადგან პოლიტიკური სპეკულირების მიღმა, პირველ რიგში ეს არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველი გუნდის საბოლოო მიზანია ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი ქვეყანა, რომელიც სულ უფრო და უფრო უახლოვდება ევროპულ სტანდარტებს.
„იმის მაგივრად, რომ ჩვენივე თავის შეფასებები გავაკეთოთ, ამას ამომრჩეველი უჩვენოდაც გააკეთებს. ყველა ყველაფერს კარგად ხედავს. ჩვენი მიზანია სწრაფი ეკონომიკური აღდგენა და რა თქმა უნდა, ადამიანზე ზრუნვა. ჯანმრთელობა, ჯანდაცვა, სოციალური სისტემა, ჩვენი მომავალი, ბავშვებზე ზრუნვა, განათლების სისტემა, ისევე, როგორც მოხუცებზე ზრუნვა და სოციალური პორტფელი, რომელიც უნდა გავაძლიეროთ. ეს ყველაფერი ჩვენ უნდა შევძლოთ არა პოლარიზებით, არამედ შინაარსობრივი დისკუსიით ახალ პარლამენტში, რომელიც სრულად ახალი საარჩევნო სისტემით იქნება არჩეული, რომ ეს ქვეყანა გახდეს ეკონომიკურად კიდევ უფრო ძლიერი, დემოკრატიული, რომ საბოლოო ჯამში ჩვენი ძირითადი მიზანი, ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია იყოს უფრო ახლოს, მიღწევადი. ჩვენი საბოლოო მიზანია ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა, სამართლიანი ქვეყანა და ქვეყანა, რომელიც სულ უფრო და უფრო უახლოვდება ევროპულ სტანდარტებს. ჩვენი ყველა მომდევნო საარჩევნო ციკლი უნდა იყოს ამისთვის მომზადება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ჟურნალისტების კითხვას, ვისთან წარმოუდგენია კოალიციის შექმნა არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებას“, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ „ქართული ოცნება“ მოიგებს დამაჯერებლად და რა თქმა უნდა, არ დასჭირდება კოალიცია“.