შალვა კერესელიძე: გვახსოვს,რამდენიმე წლის წინ რა ხდებოდა ყაზბეგში და ახლა ყველა ვხედავთ, როგორ სწრაფად ვითარდება ეს მხარე
12-09-2020
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შალვა კერესელიძემ ყაზბეგში, ამომრჩეველს სიტყვით მიმართა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
,,ხევი, თავისი ისტორიიდან გამომდინარე ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო, დასაყრდენი კუთხე და მხარე, ამიტომაც იყო რომ ხევი და დარიალის ხეობა ქართული სახელმწიფოებრიობისთვის ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებდა. აქ არის ხალხი შესანიშნავი ბუნებით, შესანიშნავი ტრადიციებით. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უხვადაა მაგალითები მოხევეების გმირობისა და თავდადებისა ქვეყნის, სამშობლოს წინაშე. არ არსებობს არცერთი ფურცელი საქართველოს ისტორიაში, სადაც იქნება მოხევეების მხრიდან ღალატი. ისინი ყოველთვის გამოირჩეოდნენ ქვეყნის მიმართ უსაზღვროდ დიდი სიყვარულით და ერთგულებით. განსაკუთრებული ხალხი ცხოვრობს ხევში - განსაკუთრებული მეგობრობაც იცით და განსაკუთრებული ერთგულებაც, ტრადიციებსაც განსაკუთრებულად იცავთ და ქვეყანასაც.
ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მაღალმთიანი ხეობების და სოფლების მხარდაჭერა იქნება. ამ მხრივ, დამეთანხმებით, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ყაზბეგში და მთელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურული კუთხით . არ შემიძლია არ გავამახვილო ყურადღება ტურიზმზე, რომელმაც გამოაცოცხლა მთელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტი. მოსახლეობასთან შეხვედრების დროს ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ, რომ ყაზბეგი შესანიშნავი, კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მაღალმთიან ხეობაში, მაღალმთიან მუნიციპალიტეტში ადამიანებმა იცხოვრონ ნორმალურად და ღირსეულად.
გვახსოვს,რამდენიმე წლის წინ რა ხდებოდა ყაზბეგში, რა მდგომარეობა იყო და ახლა, ყველა კარგად ვხედავთ თუ როგორ სწრაფად ვითარდება ეს მშვენიერი და დალოცვილი მხარე. ეს სწორედ ტურიზმის დამსახურებაა და სწორედ მაღალმთიანი რეგიონების მხარდაჭერა, მაღალმთიანი სოფლების და ხეობების მხარდაჭერა, ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი, მნიშვნელოვანი პრიორიტეტი როგორც ტურიზმის მიმართულებით, ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რომ შევქმნათ ის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამები და პროექტები, რომელიც უშუალოდ ორიენტირებული იქნება მაღალმთიან სოფლებში მოსახლეობის დაბრუნებაზე, ახალგაზრდების დამაგრებაზე და ხევის განვითარებაზე.
მჯერა, რომ მოხევეები კიდევ ერთხელ მიიღებენ ისეთ ღირსეულ გადაწყვეტილებას, როგორც ისინი ყოველთვის ქვეყნის, ხელისუფლების და ხალხის სასარგებლოდ მოქმედებდნენ. მჯერა, რომ პარტია „ქართული ოცნება“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ღირსეულად გაიმარჯვებს და ჩვენ 31 ოქტომბერს ერთად ვიზეიმებთ დიდ წარმატებას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს რეგიონში, თითოეულ მუნიციპალიტეტში და განსაკუთრებით ყაზბეგის მუნიციპალიტეტში პარტია „ქართულ ოცნებას“ჰყავს ძალიან დიდი და ძლიერი გუნდი. მე უკვე 2 წელია თქვენთან ერთად ვმუშაობ, ერთად ბევრი პროექტები განვახორციელეთ. კიდევ ძალიან ბევრი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ თქვენი მხარდაჭერით.
მჯერა , რომ ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ საქართველოს წარმატებისთვის"-განაცხადა კერესელიძემ.