გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერვიუ
ტრამპის საარჩევნო კამპანიის ექსმენეჯერი: აშშ-ს ადმინისტრაცია საქართველოს თავდადებას ხედავს და აფასებს

14-07-2018

იმ ფონზე, როცა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნატოს ბრიუსელის სამიტზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა, რომ ისინი საკუთარ თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს არ ხარჯავენ, მისი მრჩეველი ამბობს, რომ საქართველო ამ მხრივ ამერიკის გამორჩეული პარტნიორია. კორი ლევანდოვსკი, პრეზიდენტ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი მენეჯერი, „ამერიკის ხმასთან“ ექსლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ადმინისტრაცია საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას ხედავს და აფასებს.


- ბატონო კორი, ამერიკა დიდებული ქვეყანაა. ამერიკელები ძალიან აფასებენ საკუთარ იდენტობას და ამაყობენ იმ ღირებულებებით, რომლებსაც ასე უფრთხილდებიან. თქვენი აზრით, პრეზიდენტ ტრამპის „ამერიკა პირველ რიგში“ პოლიტიკა სად ჯდება ამ ღირებულებებში?


- ჩვენ განსაკუთრებული ქვეყანა ვართ. ადამიანებს მთელი მსოფლიოდან უნდათ აქ ჩამოსვლა იმიტომ, რომ ეს შესაძლებლობების ქვეყანაა. ეს არის ადგილი, სადაც ისეთი მიღწევები შეგიძლია გქონდეს, როგორიც სხვაგან ვერსად გექნება. ეს არის თავისუფალი საზოგადოება. მაგრამ ძალიან დიდი ხნის მანძილზე ჩვენს ქვეყანას ბოროტად იყენებდნენ. ეს არის ის, რაზეც პრეზიდენტი საუბრობდა კამპანიის დროსაც და ახლაც - ის ყველას ახსენებს, რომ ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო ქვეყანა ვართ. ჩვენ ბოდიში არ უნდა მოვიხადოთ იმისთვის, რომ ამერიკას პირველ ადგილზე ვაყენებთ.


ჩვენი პრეზიდენტი არ განსხვავდება სხვა ქვეყნების პრეზიდენტებისგან, რომლებსაც სურთ საკუთარი ქვეყანა დააყენონ პირველ რიგში. მხოლოდ იმის გამო, რომ პრეზიდენტმა ეს უფრო დიდი პლატფორმიდან და უფრო დიდი მიკროფონით გამოაცხადა, დანარჩენი მსოფლიო არ უნდა შეშფოთდეს. პირიქით, ამას პატივი უნდა სცენ. გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და სხვა ქვეყნების ლიდერებიც საკუთარ ქვეყანას აყენებენ პირველ რიგში, რადგან ეს მათი მოვალეობა და ვალდებულებაა. პრეზიდენტმა საკუთარი ადმინისტრაციის საქმიანობის დიდ ნაწილად აქცია ხალხისთვის იმის შეხსენება, რომ ამერიკელობა კარგია და რომ უნდა იამაყონ იმით, რომ ამერიკელები არიან.


- ეს მიდგომა სრულიად გასაგებია როცა დიდ ქვეყნებზე საუბრობთ. თუმცა, პატარა ქვეყნების შემთხვევაში, როგორიც საქართველოა ან უკრაინაა, თქვენი აზრით, როგორ შეიძლება ამ პოლიტიკის გაგება? უკრაინა პატარა ქვეყანა არ არის, მაგრამ საქართველოსავით ისიც დაჩაგრულ ქვეყნად შეიძლება ჩავთვალოთ საერთაშორისო ასპარეზზე. ამერიკა ყოველთვის იყო მათი მტკიცე მხარდამჭერი. როგორ ჯდება „ამერიკა პირველ რიგში“ პოლიტიკა პატარა ქვეყნების კონტექსტში?


- ამერიკა პირველ რიგში არ ნიშნავს მხოლოდ ამერიკას. ეს ნიშნავს იმაში დარწმუნებას, რომ ჩვენმა მეგობრებმა იცოდნენ ვინ ვართ. მაგალითად ისრაელი რომ ავიღოთ - ტერიტორიის თვალსაზრისით ის ძალიან პატარა ქვეყანაა, რომელიც ამერიკის და ჩვენი ღირებულებების მტკიცე პარტნიორია. სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, თითოეულ ადმინისტრაციას საკუთარი პრიორიტეტები აქვს. მსოფლიოს მასშტაბით ამერიკის მეგობრებმა იციან, რომ დონალდ ტრამპის, პრეზიდენტ ტრამპის სახით მათ მეგობარი ჰყავთ, რომელიც მათ გვერდში დაუდგება, როცა მათ დახმარება დასჭირდებათ. მაგრამ ჩვენს მტრებსაც ესმით ის, რომ ეს არ არის კაცი, რომელთანაც თამაში შეიძლება.


- საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელთან ვაჭრობაც ამერიკის სავაჭრო ურთიერთობებში უმნიშვნელოა. მაგრამ საქართველოს ავღანეთში შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის შემდეგ ყველაზე დიდი სამხედრო კონტინგენტი ჰყავს. ასევე, საქართველომ ნატოს ამ ოპერაციაში, სულ მოსახლეზე, ყველაზე დიდი მსხვერპლი განიცადა. ამ ფონზე, ქვეყანა ჯერ ისევ ცდილობს ნატოში გაწევრიანებას. თუ შეგიძლიათ ნათელი მოჰფინოთ იმას, თუ რას შეიძლება ფიქრობდეს პრეზიდენტი ისეთ პატარა ქვეყნებზე, როგორიც საქართველოა. საქართველო ნატოს წევრი ამერიკის მხარდაჭერის გარეშე ვერ გახდება. რას ფიქრობს ამაზე პრეზიდენტი?


- მე პრეზიდენტის სახელით, რა თქმა უნდა, ვერ ვისაუბრებ, მაგრამ შემიძლია გითხრათ შემდეგი. მჯერა, რომ მას ესმის იმ თავდადების ფასი, რომელსაც საქართველო ავღანეთში ბრძოლით იჩენს. ძალიან ცოტაა ისეთი ქვეყანა, რომელიც იმდენს აკეთებს, რამდენსაც საქართველო საერთო მტრის, თალიბანის წინააღმდეგ ამერიკელების და ბრიტანელების გვერდიგვერდ ბრძოლით. ვფიქრობ, ეს სწორ ნაბიჯად ფასდება, თუმცა ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი.


ის, თუ ვინ გახდება ნატოს წევრი მხოლოდ შეერთებულ შტატებზე არ არის დამოკიდებული. მაგრამ როცა ქვეყნები აკეთებენ იმაზე მეტს, ვიდრე მოეთხოვებათ, იმაზე მეტს, ვიდრე ევალებათ, ვფიქრობ ეს მათ ერთგულებას ადასტურებს იმ გლობალური გუნდის წევრობის მიმართ, რომლის ყველა წევრი ერთი მიმართულებით მიდის.


პრეზიდენტის მაგივრად არ მინდა ვისაუბრო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები, ჩვენი ლიდერები აფასებენ ამ ერთგულებას.


- საქართველო თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტს უკვე ხარჯავს.


- ეს იმიტომ, რომ მათ ესმით ის, რომ თუ დადებ პირობას და თუ გსურს იყო რაღაცის ნაწილი, ეს პირობა უნდა შეასრულო. საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ჩვენი. მაგრამ ისინი პირობას ასრულებენ. მაგალითად, პოლონეთმა კონსტიტუციაში ცვლილება შეიტანა და თავდაცვაზე არა 2 პროცენტის, არამედ 2.5 პროცენტის გამოყოფა გადაწყვიტა. ეს არის ქვეყნები, რომლებსაც იმედი მაქვს მხარს დავუჭერთ ტექნოლოგიებით, იარაღით, რესურსებით და ტრეინინგებით. ამით შეეძლება ამერიკას მათი პარტნიორობა. ქვეყნები, რომლებიც დადებულ პირობებს ასრულებენ ის ქვეყნებია, რომლებსაც ჩვენ დავეხმარებით.


- შეერთებულმა შტატებმა საქართველოს, ცოტა ხნის წინ, ჯაველინები მიჰყიდა, რასაც საქართველო ჯერ კიდევ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის დროიდან ცდილობდა...


- ეს იმიტომ, რომ მათ ერთგულება და შეერთებული შტატებისადმი კარგი პარტნიორობა დაგვანახეს მაშინ, როცა ჩვენ ისინი გვჭირდებოდა. ასე მუშაობს ურთიერთობები. ესაა ისეთი ურთიერთობა, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა გაგიზიაროთ ჩვენი ტექნოლოგიები, ჩვენი სამხედრო შესაძლებლობები, ჩვენი რესურსები. პრეზიდენტი ამისთვის მზადაა.


- იმედისმომცემია, რასაც თქვენ ამბობთ. თუმცა ასევე არის შეკითხვა, რა მოხდება პრეზიდენტ ტრამპისა და პრეზიდენტ პუტინის შეხვედრაზე. თქვენი აზრით, რამდენად მტკიცედ აფასებს პრეზიდენტი ტრამპი პატარა ქვეყნების ერთგულებას მაშინ, როცა რუსეთთან მოლაპარაკება ისეთ გლობალურ საკითხებზე დასჭირდება, როგორიცაა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღება, ირანის ბირთვული პროგრამა და სხვა. შესაძლებელია, რომ ადმინისტრაციამ ისინი რუსეთთან ურთიერთობას შესწიროს?


- კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღება, ცხადია, ადმინისტრაციის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, მაგრამ არა ერთადერთი პრიორიტეტი. ჩვენ კორეის საკითხის მიღმა ვიხედებით, ვაფასებთ იმას, თუ რომელ ქვეყნებს სურთ შეერთებულ შტატებთან უკეთესი და ძლიერი პარტნიორობა. მათ მიერ სწორი ნაბიჯების გადადგმამ ჩვენს შორის ურთიერთობა ააშენა - [ამაში შედის, თავდაცვაზე] 2 პროცენტის დახარჯვა, კარგი პარტნიორობა, ჩვენი ჯარისკაცების გვერდით ბრძოლა. ეს ყველაფერი იმ გრძელვადიან ურთიერთობის მიმართულებით კეთდება, რომელიც, ცხადია, ამ ადმინისტრაციის შემდეგაც გაგრძელდება. მაგრამ, ამ ადმინისტრაციაში ხალხი აფასებს ქვეყნების თავდადებას და ეს ბევრს ნიშნავს. სწორედ ამის გამოც მოხდა ის, რომ საქართველოს ცოტა ხნის წინ სამხედრო ტექნოლოგია მივყიდეთ, რაც 15 წლის განმავლობაში არ მომხდარა.




წყარო: «Radio Voice of America» (აშშ)


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930