19-08-2018
სერგეი ივანოვი, რომელიც 2007 წლის თებერვლამდე რუსეთის თავდაცვის მინისტრი იყო, 2008 წლის აგვისტოში - რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერი, გაზეთ «КоммерсантЪ»-ის კორესპონდენტთან ვლადიმერ სოლოვიოვთან საუბრის დროს ამბობს, რომ საქართველოსთან ომის დროს არსებობდა გეგმა, თუმცა ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიმდინარეობდა. სერგეი ივანოვი იხსენებს, თუ ვინ იღებდა გადაწყვეტილებებს იმ რთულ მომენტებში...
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
„ჩვენ სამხედრო მოქმედებების გეგმა გვქონდა ასეთი შემთხვევისათვის, მაგრამ როცა ის სამხედროებმა გახსნეს და წაიკითხეს, მათ პრობლემები შეექმნათ სამხრეთ ოსეთში ორიენტაციის თვალსაზრისით: გვქონდა „გლონას“-ის აპარატები, მაგრამ მეთაურებს ეშინოდათ ეს ძვირადღირებული აპარატები ჯარისკაცებისთვის მიეცათ - გააფუჭებენ ან დაკარგავენო. რასაკვირველია, ეს სისულელეა. ცხადია, არსებული გეგმები რეალურ სიტუაციაში ხშირად იცვლება ხოლმე. ერთადერთი, რაც ზედმიწევნით ზუსტად შესრულდა, ეს იყო როკის გვირაბის გავლა და ჯარების შეყვანა.
- იქნებ გვითხრათ, რატომ არ აიღო თბილისი რუსეთის არმიამ?
- იმიტომ, რომ ქალაქის აღებას არ ვაპირებდით. რისთვის გვჭირდებოდა? არავითარი პოლიტიკური აზრი ქალაქის აღებას არ ჰქონდა. არც სამხედრო თვალსაზრისით. ჩვენი ამოცანა იყო საქართველოს არმიისათვის ისეთი დარტყმა მიგვეყენებინა, რომ მას მომავალში მსგავსი ავანტიურა არ გაემეორებინა. თუმცა ხელისუფლებაში ისევ მიხეილ სააკაშვილი დარჩა. ვის შეუძლია იმ გარანტიების მოცემა, რომ ეს იდიოტი (ბოდიში გამონათქვამისათვის) ოდესმე თავის ავანტიურას არ გაიმეორებს? იმ შემთხვევაში, თუ მას ამის ძალა კიდევ ექნება.
მიხეილ სააკაშვილის სიტყვა და საქმე იმ ხანებში ერთმანეთს არ ემთხვეოდა. ცხადია, ჩვენ მთლად გულუბრყვილონი არ ვიყავით და მისი განცხადებების არ გვჯეროდა, მაგრამ ამერიკელები გვამშვიდებდნენ და გვარწმუნებდნენ, რომ იგი სამხედრო ავანტიურაზე არ წავაო. შემიძლია გითხრათ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი პრივატულ საუბრებში სულ ამას მეუბნებოდა: „სერგეი, ნუ ღელავთ, იგი წითელ ხაზს არ გადაკვეთს“.
- როდის გითხრათ ეს?
- 2007 წელს, როცა თავდაცვის მინისტრი ვიყავი.
წყარო: «КоммерсантЪ» (რუსეთი)