გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
ქართველი ჟურნალისტი რუს დეპუტატს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

28-02-2018

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“ აქვეყნებს 2010-2012 წლებში მოქმედი ქართული ტელეარხის ПИК-ის («Пе́рвый Информационный Кавка́зский») საინფორმაციო სამსახურის ექს-ხელმძღვანელ ეკატერინე კოტრიკაძის განცხადებას, რომელიც მან აშშ-ის რუსულენოვანი ტელეკომპანია RTVI-ის ეთერში გააკეთა. განცხადება ეხება რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატს ლეონიდ სლუცკის (ვლ.ჟირინოვსკის პარტიიდან) დამოკიდებულებას ჟურნალისტი ქალების მიმართ.


ეკატერინე კოტრიკაძემ, რომელიც ამჟამად RTVI-ის მთავარი რედაქტორის მოადგილედ მუშაობს, ლეონიდ სლუცკი უხამს და ურცხვ ქცევაში დაადანაშაულა. ჟურნალისტმა ეს ფაქტი პირველად განაცხადა არაანონიმურად და საჯაროდ.


ეკატერინე კოტრიკაძის თქმით, შვიდი წლის წინათ, როცა ქართულ ტელეარხში მუშაობდა, იგი ინტერვიუსათვის ლეონიდ სლუცკის მოელაპარაკა. მაგრამ როცა ჟურნალისტი სახელმწიფო სათათბიროში მივიდა ინტერვიუს ჩამოსართმევად, დეპუტატმა იგი კაბინეტში ჩაკეტა, კედელზე მიაყენა და შეეცადა ეკოცნა. როგორც ეკატერინე კოტრიკაძემ აღნიშნა, მან გაქცევა მოახერხა. ჟურნალისტმა განმარტა, რომ ადრე ამ ფაქტს არ ამხელდა, მას ეშინოდა - ვაითუ არასასიამოვნო შედეგები მოჰყვესო, მაგრამ რადგანაც ბოლო დროს რუსული ტელეარხის „დოჟდის“ ეთერში ლეონიდ სლუცკი სხვებმაც ამხილეს მსგავს ქმედებაში, ეკატერინე კოტრიკაძემაც გადაწყვიტა საკუთარ თავს გადახდენილი ამბავის გამხელა.


„დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ ქალ-ჟურნალისტს და არა მხოლოდ გოგონებს, ასეთი ფაქტი ბევრჯერ გადახდენიათ, მაგრამ ისინი ამას არ ამხელდნენ, რადგან თუ გაამხელ, შეუარცხყოფას მოგაყენებენ, მატყუარას გიწოდებენ და იტყვიან, რომ პოლიტიკური მიზნები გაქვსო. მე მაშინ 26 წლისა ვიყავი და როცა მოსკოვში ასეთი ადამიანის ქცევის მოწმე გავხდი, რომელიც სოლიდურად მიმაჩნდა, ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი“, - აღნიშნა ქართველმა ჟურნალისტმა.

ეკატერინე კოტრიკაძის განცხადების შემდეგ RTVI-ის კორესპონდენტი ელიზავეტა ანტონოვა დაუკავშირდა ვლადიმერ ჟირინოვსკის და ჰკითხა, იცის თუ არა მან იმის შესახებ, რომ ქალი-ჟურნალისტები მისი პარტიის წევრ დეპუტატს უხამს ქცევაში ადანაშაულებენ. ვლადიმერ ჟირინოვსკიმ უპასუხა, რომ არაფერი არ იცის. რაც შეეხება დეპუტატ ლეონიდ სლუცკის, მან თქვა, რომ ცილისწამებისათვის „დოჟდს“ სასამართლოში უჩივლებს.


რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერ ვიაჩესლავ ვოლოდინს სკანდალისთვის კომენტარი არ გაუკეთებია. პრეზიდენტის პრეს-მდივნის დიმიტრი პესკოვის თქმით კი, კრემლი ლეონიდ სლუცკისთან დაკავშირებულ სკანდალს თვალს არ ადევნებს.


წყარო: BBC (დიდი ბრიტანეთი)

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930